”სასამართლოს გადაწყვეტილება ფონდ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ 5000-ლარიანი სანქციის დაკისრებასა და მისი ანგარიშების  დაყადაღებასთან დაკავშირებით აშკარად შეუსაბამოა არსებულ კანონმდებლობასთან.” – ამ შინაარსის  განცხადება დღეს, 20 ივნისს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა.

განცხადებას ხელს აწერენ: ”საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო”,  ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”კოალიცია არჩევანის თავისუფლება” და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”.

”ქართული ფეხბურთის ქომაგი”  საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც  2012 წლის 30 მაისს მას შემდეგ დაარსდა, რაც საქართველოს კონტროლის პალატამ საერთაშორისო ფონდი ”ქომაგი” დააჯარიმა.

2012 წლის 2 ივნისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური
მონიტორინგის სამსახურმა  „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებული გადარიცხვების გზით 200 000 აშშ დოლარის ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღებისთვის დააჯარიმა.

მონიტორინგის სამსახურმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, და 342 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე „ქართული ფეხბურთის ქომაგის”  ანგარიშები დააყადაღა.

მონიტორინგის სამსახურმა სასამართლო სხდომაზე ორგანიზაციის დაჯარიმების მიზეზად ორგანიზაციის მიერ  საარჩევნო მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემის დაპირება დაასახელა.მიუხედავად იმისა, რომ სასამრთლომ არ დაადასტურა კანონდარღვევის ფაქტი, მან დააკმაყოფილა მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნა და ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი” – 5000 ლარით დაჯარიმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, იმისათვის, რომ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შესაბამისად განხორციელდეს ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება, აუცილებელია ორგანიზაციის ჩადენილი ქმედება აკმაყოფილებდეს შემდგომ კრიტერიუმებს:

”პირველი – პირს უნდა ჰქონდეს განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდეს ფინანსურ/მატერიალურ რესურსებს; მეორე – პირისათვის შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მონიტორინგის სამსახურს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოცემული უნდა ჰქონდეს შესაბამისი აქტი; და მესამე –  პირს განხორციელებული უნდა ჰქონდეს კანონით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა” – განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედებებიდან ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგს” საქმიანობაში არც ერთი არ არის სახეზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგს”  თანხა არ მიუღია ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან შემოწირულობის თუ სხვა სახით და არ დაუმალავს ინფორმაცია, ასევე ორგანიზაცას არ გამოუყენებია ფინანსური რესურსები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რაც დასტურდება ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ბრუნვა 30 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ნულის ტოლია და ასევე მონიტორინგის სამსახურს არ გაუცია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი „ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის“ შეზღუდვების გავრცელების თაობაზე.

არასამთვარობო ორგანიზაციები: ”საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”კოალიცია არჩევანის თავისუფლება” და ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”თხოვნით მიმართავენ საქართველოს კონტროლის პალატას და სასამართლოს მოუწოდებენ იყვნენ თანმიმდევრულნი საკუთარ გადაწყვეტილებაში, რათა მიღებული გადაწყვეტილებებით ხელი არ შეუწყონ უთანასწორო საარჩევნო გარემოს ფორმირებას.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *