ახალი ამბები

საპატრიარქოში აზუსტებენ, რომ ბაგრატის ტაძრის ნაწილში უნდა შეჩერდეს რეაბილიტაცია

20 ივნისი, 2012 •
საპატრიარქოში აზუსტებენ, რომ ბაგრატის ტაძრის ნაწილში უნდა შეჩერდეს რეაბილიტაცია

თუმცა 17 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგების დროს განაცხადა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები დროებით სრულად უნდა შეჩერებულიყო ბაგრატის ტაძარში, რაც მეორე დღესვე მოიყვანა სისრულეში საქართველოს ხელისუფლებამ.

 

საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 20 ივნისს შედგა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენელთა შეხვედრა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე და აღინიშნა, რომ ეკლესიისათვის, ისევე როგორც სახელმწიფოსათვის, ამ ტაძრის აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი არის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო.

 

საბჭომ დასვა საკითხი ტაძრის დასავლეთ მკლავში ბოლო დროს დამონტაჟებული ლითონის კონსტრუქციების დაშლისა და ადრე შეთანხმებული პროექტის მიხედვით მისი აღდგენის შესახებ.

 

“ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ითხოვეს დრო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენისათვის,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი