ტრეფიკინგის სახეობები და ფორმები სულ უფრო ხშირად იცვლება და იხვეწება. აღარ არის აუცილებელი მაინცდამაინც პასპორტის წართმევა და ბნელ ოთახში გამოკეტვა იმისათვის, რომ ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლად ჩაითვალოს.
“მსოფლიოში ახალი ტერმინიც კი გაჩნდა – Smiling Trafficking – მომღიმარი ტრეფიკინგი, როდესაც ყველაფერი მსუბუქი ფორმებით ხდება”, – განმარტავს ნანა ნაზაროვა.
აჭარაში, კერძოდ, სოფელ გონიოში შუა აზიის ქვეყნებიდან, უმეტესად კი უზბეკეთიდან ჩამოსული 500-მდე ქალი მუშაობს სექსმუშაკად 27-მდე არაოფიციალურ ბორდელში, რომლებიც სასტუმროებსა და კაფეებშია მოწყობილი. ქალბატონები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ფინანსური ვალდებულებები ე.წ. “დამსაქმებლების” წინაშე, კერძოდ, უნდა გადაუხადონ 700 დოლარი – მგზავრობის ღირებულების და 5000 დოლარი – დასაქმებისთვის.
“რაში იხდიან ეს ქალბატონები ამ ფულს? – ეს იმას ნიშნავს, რომ მათთან წინასწარ ახდენენ შეთანხმებას იმ ქვეყანაში, საიდანაც მოჰყავთ და ისეთი სქემა აქვთ შემუშავებული, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არ გადაიხადონ ეს თანხა, როდესაც ჩამოჰყავთ საქართველოში”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
უზბეკეთში ახლახან დააკავეს უზბეკეთის მოქალაქე ქალბატონი ტრეფიკინგის ბრალდებით, რომელსაც უკავშირდება 300-ზე მეტი ქალის უზბეკეთიდან გაყვანისა და საქართველოში ჩაყვანის საქმე
“მხოლოდ ერთი ტრეფიკერის საქმეზე მოდის 326 ქალის შემთხვევა და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა მასშტაბის სქემასთან გვაქვს საქმე”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
საქართველოს ძალოვან უწყებებს უზბეკეთის მოქალაქეების საქართველოში ტრეფიკინგის სამი საქმე აქვთ გახსნილი. პირველი საქმე 8 წლის წინ გაიხსნა, როდესაც უზბეკეთის მოქალაქე 14 გოგონას ტრეფიკინგის ბრალდებით გაასამართლეს დამნაშავეები, მეორე საქმე იგივე ტრეფიკერის წინააღმდეგ 2006 წელს დასრულდა, ხოლო მესამე საქმეზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, როდესაც უზბეკეთის მოქალაქე გოგონას საქართველოში, კერძოდ, აჭარაში ტრეფიკინგისთვის თურქეთის მოქალაქეს მიუსაჯეს 15 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
“ეს გოგონა, ვისი ჩვენების საფუძველზეც გაიხსნა საქმე, ძალიან უბედურად გრძნობს თავს იმის გამო, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რადგან მისი დაზიანებული პასპორტი, რომელიც საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა ამოიღეს, დღემდე არ დაუბრუნეს, იმის მიუხედავად, რომ უზბეკეთის კონსულმა ოფიციალურად მიწერა შესაბამისი თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას. ეს გოგონა კონსულის მიერ გაცემული დროებითი საბუთის საფუძველზე დაბრუნდა უზბეკეთში, მაგრამ ის ვერ ახერხებს ახალი პასპორტის მიღებას, თუკი არ დაუბრუნებენ დაზიანებულ პასპორტს. პასპორტის უქონლობის გამო ეს გოგონა ვერ მუშაობს ვერსად და სახლში ზის. არადა, ორი შვილი ჰყავს.
ამას გარდა, ამ გოგონას იდენტიფიცირება მოხდა ქართულ პრესაში, საბედნიეროდ, მასზე ინფორმაცია იძებნება მხოლოდ ქართულ ენაზე და კიდევ კარგი, რომ ეს არ არის გადათარგმნილი რუსულად ან ინგლისურად, თორემ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა მას. გამოდის, რომ მსხვერპლის ანონიმურობა და კონფიდენციალობა არ არის დაცული ჩვენთან და ეს პრობლემაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ მიმართავენ ტრეფიკინგის მსხვერპლები სამართალდამცავ ორგანოებს”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
მისივე თქმით, გოგონები უზბეკეთიდან სხვადასხვა პირობით ჩამოჰყავთ საქართველოში. მაგალითად, იმ გოგონას შემთხვევაში, რომლის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგისთვის თურქეთის მოქალაქე გაასამართლეს საქართველოში, მას ბათუმში, ჩაის ფაბრიკაში პირდებოდნენ დასაქმებას. არის შემთხვევები, როდესაც ეუბნებიან, რომ უნდა იმუშაონ მიმტანებად ბარში, ან სასტუმროში – დამლაგებლად, სინამდვილეში კი სექსმომსახურების სფეროში აიძულებენ საქმიანობას.
“არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ გონიოში ხდება, ეს ხდება ბათუმშიც. მე მქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც უზბეკეთიდან ჩამოყვანილმა ქალბატონებმა მოგვმართეს, რათა დავხმარებოდით შინ დაბრუნებაში. მათი ნახევარი ცხოვრობდა გონიოში, ნახევარი კი – ბათუმში. ბევრი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ხვდებიან თურქეთიდან დეპორტირებული უზბეკეთის მოქალაქეები”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” სხვადასხვა სახის ინფექციებზე, მათ შორის აივ/შიდსზე ანონიმურ და კონფიდენციალურ უფასო გამოკვლევებს სთავაზობს ბენეფიციარებს. მათი ერთ-ერთი ოფისი ბათუმში მოქმედებს, სადაც ორგანიზაციის კონსულტანტის, ზაზა ბაბუნაშვილის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უზბეკეთის მოქალაქე ქალბატონების მიმართვა, რომლებიც გონიოში საქმიანობენ.
“ეს გოგონები ჩვენთან მოდიან ანალიზების გასაკეთებლად. საგრძნობლად გახშირდა უზბეკეთის მოქალაქეების ვიზიტი ბოლო ორი თვის განმავლობაში. მაგალითად, წინა თვეში 20 გოგონა იყო მოსული, რომლებიც, მათი თქმით, მუშაობენ სასტუმროებში გონიოში, თუმცა, რა საქმიანობას ეწევიან, არ ვიცი. ჩვენი მომსახურება არის ანონიმური და კონფიდენციალური, მაგრამ ისინი, ძირითადად, არიან დეპორტირებულები თურქეთიდან, რომლებიც შემდეგ რჩებიან საქართველოში”, – აცხადებს ზაზა ბაბუნაშვილი.
იმისათვის, რომ უზბეკეთის მოქალაქე შევიდეს თურქეთის ტერიტორიაზე, მან უნდა აიღოს შესაბამისი ვიზა საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ როგორც ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, ახალგაზრდა გოგონებზე იშვიათად გაიცემა ეს ვიზები, რადგან სახელმწიფო ამ გზით უპირისპირდება ტრეფიკინგის საფრთხეს.
“ამიტომ მოძებნეს ეს გზა – ჩამოდიან საქართველოში უვიზოდ და შემდეგ გადადიან არალეგალურად თურქეთში. ძალიან ბევრი შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული, როდესაც მოხდა უზბეკეთის მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოში, რომლებსაც ოფიციალურად არ გადაუკვეთიათ საქართველო-თურქეთის საზღვარი, მაგრამ რეალურად საქართველოდან შევიდნენ თურქეთში”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
საქართველოს კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, აღნიშნული ქალები გადაჰყავთ ციხეში, ან მათ 2000– ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. თურქეთიდან დეპორტირებული უზბეკეთის მოქალაქე ქალების უმრავლესობა საქართველოში რჩება, რადგან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მათ დამატებით ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ თურქეთში არალეგალურად, საჭირო ვიზის გარეშე შევიდნენ. ამისთვის უზბეკეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა მინიმალური ხელფასის ორასიდან ოთხასმაგამდე ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან 5 წლამდე.
“ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარა ერთ უზბეკ გოგონას ახლახან. ის თურქეთიდან იქნა დეპორტირებული საქართველოში, რის შემდეგაც მოხვდა ციხეში, თუმცა ადვოკატის დახმარებით გადაიხადა ჯარიმა და გაათავისუფლეს ციხიდან. ახლა უნდა, რომ დაბრუნდეს სამშობლოში, მაგრამ ეს პრობლემაა, რადგან თურქეთიდან არის დეპორტირებული და ეს დაფიქსირებულია მის პასპორტში და ამის გამო მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება უზბეკეთში”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
სპეციალისტების თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არალეგალური მიგრაციისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ თურქეთში ბოლო დროს გააქტიურებულმა ბრძოლამ გამოიწვია სწორედ სასაზღვრო რეგიონში, კერძოდ, აჭარაში არალეგალური სექსბიზნესის განვითარება. არალეგალური ბორდელებით გონიოში, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეები სარგებლობენ.
“ცოტა ხნის წინ შევხვდი ერთ თურქ ბიზნესმენს და მითხრა: თქვენთან, გონიოში ისეთი რამეები ხდება, რომ არც ერთი ჩამოყალიბებული და ღირსეული თურქეთის მოქალაქე არ ისურვებს აქ ჩამოსვლას ოჯახთან ერთად დასასვენებლად და ფულის დახარჯვას, რადგან იქ რაც ხდება, ეს არის სატვირთო მანქანების მძღოლების დონისთვის გათვლილი და ამას საერთო არაფერი აქვს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასთან”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
მისივე თქმით, აჭარაში მოწყობილ არალეგალურ ბორდელებში ასევე არალეგალურად არიან დასაქმებული უზბეკეთის მოქალაქეები, რადგან კანონის შესაბამისად, მათ უპრობლემოდ და უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არა აქვთ აქ მუშაობის უფლება.
“მე ვიცნობ უზბეკეთიდან ჩამოსულ ორ ბიზნესმენს – ერთს აქვს სასტუმრო გახსნილი გონიოში და მეორეს აქვს ორი რესტორანი საქართველოში – ერთი ბათუმში და მეორე – ხაშურში. მათგან მომისმენია, თუ რატომ არის მოთხოვნა თურქეთის მოქალაქეების მხრიდან უზბეკ გოგონებზე: ჯერ ერთი, მათ აქვთ ერთი ენა, აწყობთ მათივე სარწმუნოების, მუსულმანი ქალების მომსახურება და ასევე, მოთხოვნა აქვთ თურქულ სამზარეულოზე,” – ამბობს “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” ხელმძღვანელი.
აქვს თუ არა რაიმე საერთო აჭარაში, კერძოდ, გონიოში გამრავლებულ არალეგალურ ბორდელებს რეგიონში ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობასთან?
“რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარება კარგია, მაგრამ უნდა არსებობდეს შესაბამისი გეგმა და კონცეფცია, იმ კრიმინალური ელემენტების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია ტურიზმის, სექსტურიზმის განვითარებასთან. ეს გეგმები უნდა შემუშავდეს სპეციალისტების მონაწილეობით, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მონაწილეობით”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა.
“ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის საზოგადოების” ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველოში მოსალოდნელია არასრულწლოვნების ჩართვა და გამოყენება სექსტურიზმში.