ახალი ამბები

EU-ს თავმჯდომარე სლოვაკეთი საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას ჰპირდება

5 ოქტომბერი, 2016 • 1625
EU-ს თავმჯდომარე სლოვაკეთი საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას ჰპირდება

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიცეკი ევროკავშირის მუდმივ წარმოამდგენელთა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ იმედოვნებს, რომ საქართველოსათვის სავიზიო ლიბერალიზაციის პროცესი მალე წარმატებით დასრულდება. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია სლოვაკეთისათვის პრიორიტეტული ამოცანაა:

“ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის კარგი ამბის გაჟღერება მიხდება – ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. კომიტეტი შეთანხმდა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ეს ჩვენთვისაც კარგი ამბავია, რადგან სლოვაკეთისთვის საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მიღწევა არის ძალიან პრიორიტეტული. ჩვენ ახლა ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტთან შედგება კონსტრუქციული თანამშრომლობა და ჩვენ ამ პროცესს მალე წარმატებით დავასრულებთ,” – განაცხადა ლაიცეკმა დღეს საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში.

მიხეილ ჯანელიძემ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა კორეპერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომი პროცესებიც შეფერხების გარეშე ჩაივლის.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა, რჩება ევროპარლამენტში კენჭისყრა, სადაც საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის საჭიროა უბრალო უმრავლესობა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ ევროსტრუქტურები ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რაზეც, როგორც ირკვევა, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის ბედიცაა დამოკიდებული.

სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წლის ივლისში გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი