ახალი ამბები

კარტოფილი-სოციალური დახმარება თუ ამომრჩევლის მოსყიდვა?

19 ივნისი, 2012 •
კარტოფილი-სოციალური დახმარება თუ  ამომრჩევლის მოსყიდვა?

საინფორმაციო სააგენტო “ინფო9”–ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს , რომ მოსახლეობას კარტოფილს პირდაპირ სატვირთო მანქანებიდან ურიგებენ.  რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათ მსგავსი დახმარება ადრე არ მიუღიათ.

როგორც “ნეტგაზეთს” რუსთავის მერიის პრესასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა თამარ აქუბარდიამ განუცხადა, 24 250 კგ კარტოფილი მერიამ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიიღო.

“კარტოფილი მოხუცებულთა სახლს(600კგ), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს(250კგ) და ჭყონდიდის დასახლების სოციალურად დაუცველ მოსახლობას დაურიგდა, რომელთა სარეიტინგო ქულა 80 000–მდეა. ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონება. არსებობს 2012 წლის 18 ივნისის ბრძანება #1241, რომლის საფუძველზეც გადმოგვეცა ჩვენ ეს ქონება იმისთვის, რომ განგვეხორციელებინა საქველმოქმედო აქცია. არავითარ კავშირში ეს არჩევნებთან არ არის”, – განაცხადა თამარ აქუბარდიამ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, მოსყიდვაზე საუბარი წინასწარ რთულია, თუმცა კონტროლის პალატამ საკითხის დეტალების შესწავლა უნდა დაიწყოს:

“საკითხის დეტალურად და დოკუმენტალურად შესწავლაა საჭირო. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის ერთჯერადი ღონისძიებები, მით უმეტეს, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, ნამდვილად არ უნდა იყოს. უნდა დაინტერესდეს კონტროლის პალატა და უნდა გაარკვიოს, რის საფუძველზე გადასცა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ რუსთავის მერიას პროდუქტი და რის საფუძველზე დაიწყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დარიგება”, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევა არ ატის, როდესაც სააგენტო სხვადასხვა პროდუქტს თვითმმართველ ორგანოებს გადასცემს:

“ქონების განკარგვის ერთ–ერთი ხერხია ქონების გადაცემა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა თვითმმართველი ორგანოებისთვისაც გადაგვიცია პროდუქცია, მაგალითად, გადაგვიცია ძეხვეული და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც შესაძლოა აუქციონამდე ვერ შეინახოს. სახელმწიფოს პირდაპირ საკუთრებაში ეს კარტოფილი 14 ივნისს გადაეცა. გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის13 ივნისის ბრძანებით”, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს მარკეტინგისა და ინოვაციების სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთი კიკნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი