აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას 4 ოქტომბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით და გმობს “ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს”.
“საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება”, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.
გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.