ახალი ამბები

ომბუდსმენი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: საგანგაშოა, რომ ასეთი ფაქტი არჩევნებამდე 3 დღით ადრე ხდება

5 ოქტომბერი, 2016 • 1293
ომბუდსმენი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: საგანგაშოა, რომ ასეთი ფაქტი არჩევნებამდე 3 დღით ადრე ხდება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება გუშინ, 2016 წლის 4 ოქტომბერს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას და აცხადებს,  საგანგაშოა, რომ “ასეთ ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე 3 დღით ადრე”.

“გამოძიების მხოლოდ დაწყება, რასაკვირველია, არ არის საკმარისი. სამართალდამცავმა ორგანოებმა დაწყებული პროცესი დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანონ ბოლომდე, ხოლო დამნაშავე პირების მიმართ დროულად უნდა იქნეს მიღებული კანონშესაბამისი ზომები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 4 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, პირს, რომლის მდგომარებაც მძიმეა, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია კლინიკაში შეყვანისთანავე გაუკეთდა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი