ახალი ამბები

მიტროპოლიტი კალისტრატე: საერთოდ არაფერში არ ვერევი [Audio]

18 ივნისი, 2012 •
მიტროპოლიტი კალისტრატე: საერთოდ არაფერში არ ვერევი [Audio]

“მე რა შუაში ვარ? თქვა პატრიარქმა, გაჩერდი, გაჩერდა. არავის არა აქვს უფლება, რომ… კომისია ჩამოვა, შეამოწმებს და … მე საერთოდ არაფერში არ ვერევი, რა. არ ვარ საქმის კურსში საერთოდ. მე მითხრეს, რომ დაიწყეთო და დავიწყე. თქვა პატრიარქმაც, რაღაცა მიზეზი იქნება და იტყვიან, რატომ უნდა გაჩერდეს, რატომ არ უნდა გაგრძელდეს, ან რატომ შენდება. იმათ იციან – საბჭომ იცის, საპატრიარქომ და იუნესკომ”, – აცხადებს მეუფე კალისტრატე.

 

გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება, რათა დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში. 

 

“ეს უნდა იცოდეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ და დღეიდან უნდა შეწყდეს ეს მუშაობა, სანამ არ იქნება გარკვეული ყოველი დეტალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ ბაგრატის ტაძარი იყოს ამოღებული იუნესკოს ყურადღებიდან”, – განაცხადა ილია მეორემ.

 

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობდა, რაზეც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში, დღეს აცხადებს:

 

“ეტყობა, არ იყო შეთანხმებული, შემოწმდება და ალბათ გაგრძელდება, რა ვიცი, ეს მათი ნება არის, ეს ჩვენი სალაპარაკო არ არის.”

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საპატრიარქოს მოთხოვნით ბაგრატის ტაძარზე დროებით შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები.

 

ბაგრატზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების შესახებ რამდენიმე დღის წინ იუნესკოს წინასწარი შეფასება გამოქვეყნდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება და რომელშიც ნათქვამია, რომ არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი