ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა და რეალობა საქართველოში

18 ივნისი, 2012 •
ოჯახში ძალადობის სტატისტიკა და რეალობა საქართველოში

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ასახულია 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ყველა რაოდენობრივი მაჩვენებელი. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი.

 

შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები – 887, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 89-ს.  შესაბამისად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (904 ქალი) ხდებიან, ვიდრე მამაკაცები (117 კაცი).

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44-წლამდე ქალები არიან, ასევე, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა  თბილისი  (632  ფაქტი),  მეორეზე  – აჭარა  (84).

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ  შსს-ს სტატისტიკა რეალურ სიტუაციას ნაკლებად ასახავს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უკიდურეს შემთხვევად კი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე იგულისხმება. ელისო ამირეჯიბის თქმით, მანამდე ყველა ცდილობს კონფლიქტის ჩუმად მოგვარებას და ფიქრობენ, რომ ამის მოგვარება პოლიციის გარეშეც არის შესაძლებელი.

 

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იმიტომ ეშინიათ პოლიციის გამოძახების, რომ თავიანთი ოჯახის წევრი ციხეში არ ჩასვან. თუმცა ჩვენი ორგანიზაციისადმი მომართვიანობა ბოლო დროს გაიზარდა,“- ამბობს ელისო ამირეჯიბი.

ოფიციალური სტატისტიკით, ოჯახში ძალადობის ფორმებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობა და ა.შ.

 

„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კოორდინატორ ელისო ამირეჯიბის თქმით, ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობენ, შესაბამისად, სანამ ისინი პოლიციას არ მიმართავენ, მანამდე სამართალდამცავები სიტუაციაში ვერ ჩაერევიან. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოწერა შეუძლია, რაც გულისხმობს, რომ მოძალადეს მსხვერპლთან მიკარება გარკვეული დროის მანძილზე შეეზღუდება.

 

„როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლნი ვერ აცნობიერებენ, რომ მათზე ძალადობა ხდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ნორმალური, ტრადიციული ქცევები. ისინი ძირითადად ასეთ ოჯახებში არიან გაზრდილები, ამიტომ ძალადობას რთულად არქმევენ მსგავს ქმედებას. ძალიან რთულია, ძალადობა დაარქვა შენს ცხოვრებას და გააცნობიერო, რომ ხარ მსხვერპლი,“ – მიიჩნევს ელისო ამირეჯიბი.

 

„ახლაც გვყავს ადამიანი, მსხვერპლი, რომელიც  უმაღლესი განათლებით მხატვარია, მას ოჯახის წევრები 20 წლის განმავლობაში სულ ეუბნებოდნენ, შენ არაფერი შეგიძლია, შენ ხატვა არ შეგიძლია, შენ ვერაფერს აკეთებ.  ეს არის ძალადობა, როცა ცდილობ, თვითშეფასება დაუქვეითო ადამიანს, რომ მერე ადვილად სამართავი იყოს და შემდეგ მადლობელი იყოს, რომ შენ მისი პატრონი ხარ. ეს არის ქმედება, რომელსაც ძალუფლებისა და კონტროლის მიზნით ახორციელებს მოძალადე. ფსიქოლოგიური ძალადობა სწორედ მოიცავს თვითშეფასების დაქვეითებას, როცა ქალს ეუბნებიან, „შენ ვინ მოგიყვანდა ცოლად, მე რომ არ მომეყვანე”, „როგორ გაცვია”, „როგორ აზროვნებ”, „თავში ტვინი არ გაქვს”  და ა.შ.” – ამბობს ელისო ამირეჯიბი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოჯახში ძალადობის ფორმა – გაუპატიურება მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა. ელისო ამირეჯიბი აღნიშნულს არარეალურად მიიჩნევს. მისი თქმით, ოჯახში ძალადობის ქალ მსხვერპლთა უმრავლესობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლიცაა, სტატისტიკის მსგავს დაბალ მაჩვენებელს კი ერთადერთი ახსნა აქვს: პოლიცია გაუპატიურების მხოლოდ იმ ფაქტებს აღრიცხავს, რომელზეც გამოძიება დაიწყო.

 

„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა არის გაუპატიურებული, რადგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური ძალადობის შემდეგ სექსუალური ურთიერთობა ძალადობას არ ნიშნავს?  თან ქალები ამას გაუპატიურებას არ არქმევენ და ამას ცოლქმრული მოვალეობის შესრულებად მიიჩნევენ,” – განმარტავს ელისო ამირეჯიბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი