ხვალ, 5 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამართავს საგანგებო სხდომას, სადაც იმსჯელებს იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის საუბარს ასახავს. სხდომა გაიმართება მიუხდავად იმისა, რომ ახვლედიანი მოსამართლე აღარ არის.
“2016 წლის 5 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით,”- ვკითხულობთ საბჭოს ვებ-გვერდზე.
მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა მწვავედ გააკრიტიკა საბჭოს საქმიანობა. ახვლედიანმა დატოვა მოსამართლის პოსტიც.
საბჭოს წევრმა, მერაბ გაბინაშვილმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა, რომ საგანგებო სხდომის გამართვის სურვილი საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა. მისივე თქმით, ხვალ საბწომ რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ვერანიარი სამართლებრივი შედეგი ახვლედიანის მიმართ ვერ დადგება, რადგან იგი მოსამართლე აღარ არის.
“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკმაო საფუძვლად ჩათვალა ამ კადრების ნახვა იმისთვის, რომ ხვალ მსჯელობა გაიმართოს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელი ფაქტებიც შესაძლებელია იყოს ძალიან სახიფათო სასამართლოს საქმიანობისათვის მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც დღეს აღარ არის მოსამართლე, მაგრამ, ამ ფაქტის სიმძიმიდან და დიდი მნიშვნელობიდან გამიმდინარე, საბჭო თვლის, რომ ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი,”- განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.