ახალი ამბები

შაშკინი: “უფლება არ მაქვს უწმინდესობის ქადაგებაზე კომენტარი გავაკეთო”

18 ივნისი, 2012 • 1223
შაშკინი: “უფლება არ მაქვს უწმინდესობის ქადაგებაზე კომენტარი გავაკეთო”

“მე არანაირი უფლება არ მაქვს, მისი უწმინდესობის ქადაგებაზე კომენტარი გავაკეთო. ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვაკეთებდით და  მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგად იყოს ჩართული ოჯახი ბავშვის აღზრდის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ამაში ოჯახის როლი, სწორედ ამაზე საუბრობდა პატრიარქი.  სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელიც სხვადსხვა ქვეყნის მოდელსა და გამოცდილებას სწავლობს იმისათვის, რომ საქართველოში ყველა მშობელი ბავშვის აღზრდის პროცესში იყოს ჩართული. ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლებში,”- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

პატრიარქის ქადაგებაზე კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მისულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც გააკეთა. მისი განმარტებით, ის ეთანხმება ილია მეორეს იმაში, რომ ბავშვი სიყვარულით სავსე და მშვიდობიან გარემოში უნდა იზრდებოდეს. 

 

“მანდატურის ამოცანაც სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა,”- განაცხადა ბაქრაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს მანდატურის ინსტიტუტზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა.

 

“ბევრს ვფიქრობთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს ეკლესიასა და სკოლას, მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ამას და დავნიშნეთ ისეთი ზედამხედველები, ე.წ მანდატურები, რომლებიც კი არ ზრდიან მათ, არამედ აქცევენ მათ ენის მიმტანებად. მიაქვთ არასასიამოვნო ენა თავის მასწავლებლებზე, მშობლებზე. ამიტომ ეს საკითხი კიდევ შესასწავლია. შიშით ვერ გავზრდით ჩვენ შვილებს, მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი შვილები.” – განაცხადა საქართველო კათალიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში 17 ივნისს, აბიტურიენტების დალოცვის დროს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი