“საპატრიარქოს მოთხვნით, დღეს ჩვენ სამუშაოები გავაჩერეთ და გავივლით ყველა კონსულტაციას, ყველა შეჯერებული პოზიციის კიდევ ერთხელ გადახედვა მოხდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო შევჯერდეთ, დავრწმუნდეთ, რა კეთდება, როგორ კეთდება”, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.
მისივე თქმით, ბაგრატის ტაძარზე მაღალი კატეგორიის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომაც ვაჩეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაოები ტაძარზე მალე გაგრძელდება.
გუშინ, 17 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოითხოვა ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება:
“რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის არასწორად გაკეთებული და ეს ყველაფერი მოხდა იმისათვის, რომ მშენებლობა თუ რესტავრაცია კეთდებოდა, კეთდება საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, თვითნებურად… აი, ამიტომ მე გავეცი ბრძანება, დაიწერა ბრძანება, რომ დროებით შეწყდეს სარესტავრაციო საქმიანობა ბაგრატის ტაძარში, სანამ ჩვენ არ გავერკვევით, რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს მართლაც მსოფლიოში ცნობილი დიდი ისტორიული ძეგლია და ტაძარია და კულტურის უდიდესი ნიმუშია და ამიტომ ასე უბრალოდ ჩვენ არ უნდა მოვკიდოთ ხელი”, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბაგრატზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების შესახებ იუნესკოს წინასწარი შეფასება გამოქვეყნდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება და რომელშიც ნათქვამია, რომ არასწორად ჩატარებული სამუშაოების გამო, ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.
”ბაგრატის ტაძარი იმ დონეზე შეიცვალა, რომ დაირღვა მისი ავთენტურობა და ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რისთვისაც შეტანილი იქნა დაცული ძეგლების ნუსხაში,” – წერია იუნესკოს წინასწარ შეფასებაში.
ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ეს სამუშაოები, იუნესკოს უარყოფითი დასკვნების გამო შეჩერდა. სამუშაოების შემდეგი ეტაპი გასული წლის ივნისიდან განახლდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ განახლებული ტაძარი მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გახსნილიყო.