შსს-ს ცნობით, მოსყიდული იქნა კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორი ლაშა კურტანიძე, რომელსაც დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა.
“კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგადაც დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი.
გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებები. მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა დანაშაულის შემკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა.
“მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანხმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, ხოლო კურტანიძეზე გამოცხადდა ძებნა”, – აცხადებენ შსს-ში.
დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც წარმოდგენილია კურტანიძისა და ჭელიძის აღიარებითი ჩვენებები. კერძოდ, კურტანიძე ამბობს, რომ ჭელიძე გაიცნო დაახლოებით თვენახევრის წინ და მიიღო მისგან შეთავაზება, ფარულად ჩაეწერა პოლიციელების საუბრები და თათბირები, რაც განახორციელა კიდეც და რის სანაცვლოდაც ჭელიძისგან მიიღო ჰონორარის სახით 3000 დოლარი. ხოლო ჭელიძე ამბობს, რომ კურტანიძისგან მიღებული ფარული ჩანაწერი მან აჩვენა მის მეგობარს ირაკლი სესიაშვილს, რომელიც არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და რომ სწორედ სესიაშვილისგან მიიღო სანაცვლოდ კონვერტი, რომელშიც, სავარუდოდ იყო, თანხა და რომელიც გადასცა კურტანიძეს.
სესიაშვილის თქმით, ის დიდი ხანია იცნობს ზაზა ჭელიძეს, მეგობრობენ და დღესაც ერთად აპირებდნენ ქალაქგარეთ ნაკვეთში მუშაობას:
“როგორც გავარკვიე, დღეს დილით მასთან სახლში მივიდნენ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები და ფეხმძიმე მეუღლესთან და მის ძმებთან ერთად სადღაც წაიყვანეს. მე ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გაკეთებულია მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის შედეგად”, – აცხადებს სესიაშვილი.
მისივე თქმით, მას არაერთხელ უსაუბრია ზაზა ჭელიძესთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც და საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე:
“მეც მითქვამს მისთვის და მასაც უთქვამს ჩემთვის, რომ უამრავი საჯარო მოხელე კერძო საუბრებში ოპოზიციურ განწყობებს აფიქსირებს. ზაზა, როგორც იუსტიციის სამინისტროს საექსპერტო ბიუროს ყოფილი მუშაკი, იცნობდა სამართალდამცავი ორგანოების ბევრ თანამშრომელს და იმასაც მეუბნებოდა ხოლმე, რომ ბევრი პოლიციელს თავად ამოუვიდა ყელში ხელისუფლების მოქმედებები და ისინიც ელიან ცვლილებებს.
რაც შეეხება რაიმე თანხის სანაცვლოდ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელებას, ეს არის სრული აბსურდი და შეთითხნილი ბრალდება”, – აცხადებს სესიაშვილი.
ტელეკომპანია “მე-9 არხის” ცნობით, ლაშა კურტანიძის მეუღლემ, ქეთი ბარამიშვილმა მათ მეუღლის წერილი გადასცა ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რომელშიც კურტანიძე საუბრობს, თუ როგორ გაიტაცა ის პოლიციის მაღალჩინოსანმა გიორგი გეგჭკორმა და მისმა გარემოცვამ, ცემეს და დაემუქრნენ მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის გაუპატიურებით.
“მაჩვენეს ჩემ მიერ ზაზასთვის მიწოდებული მასალები, რამაც, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცდვიდან გაჟონა. მითხრეს, რომ, როგორც ქვეყნის მოღალატე, სიკვდილი ღირსი ვიყავი და ხელებშეკრულს კიდევ უფრო უარესად გამისწორდნენ… ვიდეოკამერის წინ მიმაცემინეს ჩვენება, სადაც იძულებით მალაპარაკეს, რომ მე ზაზა ჭელიძეს მივაწოდე მასალები, რაშიც გამოვართვი 3000 აშშ დოლარი და რომ თითქოს ზაზამ მითხრა, ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილია და კიდევ უფრო დაგიფასებსო ამ საქმეს,” – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც, “მე-9 არხის” ინფორმაციით, ლაშა კურტანიძეს ეკუთვნის და რომლის ადრესატია ბიძინა ივანიშვილი.