ამ წუთებში ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან. თეატრის წინ საგანგებოდ მოწყობილი სცენის მონტაჟი უკვე დასრულებულია, რომელიც ტყვიაგაუმტარი მინებითაა გარშემორტყმული.
„მარტო ოზურგეთის მასშტაბით 8 ათასზე მეტ ადამიანს ველოდებით. მოწესრიგებული აღრიცხვა გვქონდა, სოფლებიდან სიით გვყავს ხალხი აღრიცხული. ოზურგეთის გარდა გარკვეული მობილიზაცია ხდება ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან,“ – განუცხადა ნეტგაზეთს ქართული ოცნების ოზურგეთის შტაბის წევრმა ტიფო მიქატაძემ.
ოზურგეთის ცენტრში მანიფესტაციის დაწყებას ოზურგეთელები ელოდებიან. რაც შეეხება კოლონებს სოფლებიდან, მათი შემოსვლა ოზურგეთში 5 საათის შემდეგ მოხდება.
„მე საქართველოს სიკეთისთვის, მისი მომავლისთვის და მისი სიყვარულისთვის ვარ მოსული აქანა,“ – ამბობს ოზურგეთელი კარლო გოი.
„საქართველოს გამთლიანებას ველოდებით ამ აქციისგან. საქართველო ისეა განაწილებული როგორც ტორტს ანაწილებენ ქორწილებში. საქართველო არის ტორტი და ნაჭერ-ნაჭერ მიაქვთ ვიღაც ვიღაცეებს. გურია არის საქართველოს გული, გურიიდან იწყება საქართველოს გამთლიანება. გული რომ კარგად იმუშავებს ყველაფერი კარგად იმუშავებს,“ – განუცხადა ნეტგაზეთს აქციაზე მისულმა ოზურგეთელმა გიორგი ლომჯარიამ.