ახალი ამბები

გადაიხდის თუ არა ივანიშვილი განახევრებულ ჯარიმებს

15 ივნისი, 2012 • 1552
გადაიხდის თუ არა ივანიშვილი განახევრებულ ჯარიმებს

ორი პროცესი, რომლებიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართა ”გლობალ ტვ”–ის ანტენების მოსახლეობისთვის  გადაცემისა და შპს ”ბურჯის” და ”ელიტა ბურჯის”  მიერ ”ქართული ოცნებისთვის” ავტომობილების მიქირავების გამო, საქალაქო სასამართლოს მიერ ივანიშვილის დაჯარიმების კანონიერების გარკვევას ეხებოდა.

”გლობალ ტვ”–ის მიერ ანტენების მოსახლეობისთვის გადაცემის საქმეზე სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს სახდელის ოდენობა 63 110 095 ლარამდე გაუნახევრა, ხოლო ავტომობილების მიქირავების საქმეზე დაკისრებულმა ჯარიმამ 11 214 970 ლარი შეადგინა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ “ვარდების რევოლუციიდან” 8 წლის თავზე ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, როდესაც თურმე ინფორმაციის მიღება და გავრცელება უკანონო ყოფილა. მთავარი ის არის, რაზე იყო ეს დავა. ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ თურმე მას გაუწევია უკანონო შემოწირულობა იმით, რომ მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში კომპანია “გლობალი” უყენებდა თეფშებს, რომლითაც მათ უნდა მიეღოთ ინფორმაცია. ჯერ ერთი, სასამართლომ ვერ დაადგინა კავშირი კომპანია “გლობალსა” და ბიძინა ივანიშვილს შორის და მეორე და მთავარი, ისჯება ადამიანი იმის გამო, რომ აკრძალული ტელევიზიების გადაცემა გახდებოდა შესაძლებელი საქართველოს რეგიონებში”, – განაცხადა კოალიაცია “ქართული ოცნებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, – “რაც შეეხება ჯარიმის განახევრებას, მოგეხსენებათ, რომ კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში კანონში შევიდა ცვლილება და ათმაგი ჯარიმები გახდა ხუთმაგი და ამიტომ ხუთმაგად დააჯარიმეს და არა ათმაგად, ეს ტექნიკური საკითხი იყო და არაფერი განსაკუთრებული”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

“ჯარიმა განახევრდა და ეს ისე ჩანს, თითქოს რაიმე დადებითი ფაქტი მოხდა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება”, – განაცხადა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

”გლობალ ტვ”–ის ანტენების მოსახლეობისთვის გადაცემის საკითხზე სხდომა ნახევარი საათის დაგვიანებით, 13:30 წუთზე დაიწყო.

სასამართლომ დღეს ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ “გლობალ ტვ”-ის ბიზნესგეგმა სატელიტური ანტენების განვადებით დამონტაჟებასთან დაკავშირებით არ შეიძლებოდა ყოფილიყო მომგებიანი.

ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად სასამართლომ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა სხდომა მხოლოდ ორი საათის შემდეგ განაახლა.

დასკვნის გაცნობის შემდეგ დაცვის მხარემ სამი შუამდგომლობა დააყენა. ექსპერტიზის დასკვნაში გამოყენებული ფინანსური ცნებების ბუნდოვანებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა, ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ, კვლევის ექსპერტების– გიორგი ჩადუნელის და შოთა ივანაშვილის დაკითხვა მოითხოვეს.

მეორე შუამდგომლობა მოწმის სახით ფინანსისტ გიგლა ლებანიძის დაკითხვას გულისხმობდა, რომელიც “გლობალ ტვ”-ის ბიზნესგეგმის ავტორია.

მესამე შუამდგომლობის საფუძველზე კი ადვოკატებმა სასამართოს მასალებიდან კონტროლის პალატის დასკვნის ამოღება მოითხოვეს, ვინაიდან, მათი განცხადებით, კონტროლის პალატისა და ექსპერტიზის მიერ გამოტანილი დასკვნები ერთმანეთისგან განსხვავებული იყო და შესაძლოა სასამართლო შეცდომაში შეეყვანა.

სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილება 19:00 საათზე გამოცხადდა, რამდენიმე წუთის შუალედში გამოცხადდა ავტომობილების გაქირავების საქმესთან დაკავშირებული განაჩენიც.

კითხვაზე – აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდას, თინა ხიდაშელმა განაცხადა:

“ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავად გააკეთა კომენტარი და მე ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე განსაკუთრებული, სხვა კომენტარის გაკეთებას”.

შალვა თადუმაძის განცხადებით, ორივე საქმე აუცილებლად გასაჩივრდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უკანონობის გასაჩივრების ზედა ინსტანცია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი