საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია სამტრედიის მოსახლეობისათვის გარკვეული სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე საჭიროებს პროკურატურის მხრიდან მოკვლევის ჩატარებას, აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენასთან დაკავშირებით.
“აქედან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები. თავის მხრივ მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს აღნიშნული ინფორმაციით გავრცელებული გარემოებების შესწავლას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატა ავრცელებს.
ვიდეო, რომელზეც დაფიქსირებულია, თუ როგორ პირდებიან ლევან ფხაკაძის სახელით უფასო ოპტიკურ სათვალეებსა და კატარაქტის ოპერაციებს სამტრედიელებს, ადგილობრივმა მოქალაქემ, მერაბ შენგელიამ გადაიღო.
ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რას სთავაზობს შეკრებილ მოსახლეობას ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც “ვისოლის” წარმომადგენელია:
“ვისაც დაგჭირდებათ სათვალე, ბატონი ლევანის დაფინანსებით, უფასოდ გადმოგეცემათ. ასევე, ვაფინანსებთ კატარაქტის ოპერაციას. ახლა რომ შემობრძანდებით ჩვენთან, ექიმებთან, დიაგნოზს რომ დაგისვამენ, ბატონი ლევანი დააფინანსებს ამ ოპერაციას, რომელიც ამავე საავადმყოფოში გაგიკეთდებათ.”
საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩეველთა მოსყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული.
“ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე, შესაძლოა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდეს სამტრედიაში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ “ჯერ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა ლევან ფხაკაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი”.
კომპანია “ვისოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი რუსუდან კბილაშვილი ამბობს, რომ მას არ შეუძლია ფხაკაძის სავარაუდო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაციის დადასტურება.
ამავე თემაზე: