ახალი ამბები

საგანგებო მდგომარეობა თურქეთში სამი თვით გახანგრძლივდა

4 ოქტომბერი, 2016 • 1680
საგანგებო მდგომარეობა თურქეთში სამი თვით გახანგრძლივდა

ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი ოფიციალურმა თურქეთმა სამი თვით გაახანგრძლივა. სამთვიანი საგანგებო რეჟიმი, რომელიც 19 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, კიდევ 90 დღეს გაგრძელდება.

ამის შესახებ 3 ოქტომბერს თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურტულმუშმა განაცხადა. თურქული სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, ქურტულმუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მინისტრებმა ანკარაში შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თანხმობით მიიღეს. გასულ კვირას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა.

“თურქეთი აუცილებლად იბრძოლებს ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკავშირდებოდა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რაშიც ოფიციალური ანკარა ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადებს ხელს. აშშ-ში, პენსილვანიაში მცხოვრები რელიგიური ლიდერი კი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს და შტატებს სთხოვს, უარი თქვას თურქეთის მიერ მისი ექსტრადაციის მოთხოვნაზე.

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან 

თურქეთში 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000-ს მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ფეტულა გიულენი, რომელიც ამჟამად კვლავ პენსილვანიაში ცხოვრობს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში პუტჩის ღამესვე დაადანაშაულა ოფიციალურმა ანკარამ. გულენსა და ერდოღანს შორის პაექრობა ამ ეტაპზე არმიასა და პოლიციაში “გიულენისტების” წმენდით დასრულდა – იმ ადამიანების გათავისუფლებით, ვინც მთავრობამ გიულენის მხარდამჭერად მიიჩნია. საგანგებო რეჟიმი კი ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობიდან 6 დღის შემდეგ, 21 ივლისს, გამოაცხადა.

თურქეთში სამხრედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მომხრეები სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არიან შეკრებილები და ფეტულა გიულენის წინააღმდეგ გამოდიან. 18.07.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქეთში სამხრედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის მომხრეები სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არიან შეკრებილები და ფეტულა გიულენის წინააღმდეგ გამოდიან. 18.07.2016. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

თურქეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოიყენა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK). სავარაუდო მხარდაჭერებთან საბრძოლველადაც – ჯგუფისა, რომელსაც თურქეთი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თურქეთში, WSJ-ის ცნობით, 10 000-ზე მეტი მასწავლებელი PKK-ის მიმართ სიმპათიების ქონის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

“ქურთისტანის მუშათა პარტია” 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, – ისინი 15 მლნ-მდე ეთნიკური ქურთის ავტონომიისათვის იბრძვიან. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

თურქეთის კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, შესაძლოა, მაქსიმუმ 6 თვის ვადით გამოცხადდეს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ პერიოდის გახანგრძლივებაც შესაძლებელია.

რგორც “უოლ სტრიტ ჯორნელი” წერს, ოპოზიციური პარტიები, – რესპუბლიკელ ხალხთა პარტია და სახალხო დემოკრატიული პარტია, –  თურქეთის პრეზიდენტს სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის (პოლიტიკური გავლენების გაძლიერებისა და მოწინააღმდეგეების მოშორებისთვის) გამოყენებაში ადანაშაულებენ. მართალია, ისინი მხარს არ უჭერენ მდგომარეობის გახანგრძლივებას, თუმცა ერდოღანს, WSJ-ის ცნობითვე, საკმარისად აღმოაჩნდა მხარდამჭერები პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი