ახალი ამბები

“ხედვა უკეთესი მომავლისა” – სათვალე ბატონი ლევანისგან

15 ივნისი, 2012 •
“ხედვა უკეთესი მომავლისა” – სათვალე ბატონი ლევანისგან

ვიდეო, რომელზეც დაფიქსირებულია, თუ როგორ პირდებიან ლევან ფხაკაძის სახელით უფასო ოპტიკურ სათვალეებსა და კატარაქტის ოპერაციებს სამტრედიელებს, ადგილობრივმა მოქალაქემ, მერაბ შენგელიამ გადაიღო.

“მეზობლებისგან გავიგე, რომ ასეთი აქცია ტარდებოდა სამტრედიაში – უფასოდ უტარებენ თვალის გამოკვლევებს, ოპერაციებს და ურიგებენ სათვალეებსო. ჩვენი მომავალი დეპუტატი აფინანსებს ყველაფერსო და მეც წავედი,” – ამბობს მერაბ შენგელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

შენგელია სამტრედიის მრავალპროფილური ჰოსპიტალის შენობასთან, რომელიც “ჯიპიაი ჰოლდინგის” შვილობილ კომპანია “ჯეოჰოსპიტალს” ეკუთვნის, გუშინ, დილით ადრე მივიდა.

“დაახლოებით 11 საათისთვის გამოვიდა ეს გოგონა კლინიკიდან, რომელმაც გვითხრა, რომ ბატონი ლევანის დაფინანსებით გადმოგვეცემა საჩუქრად სათვალეები, ჩაგვიტარდება გამოკვლევები და ოპერაციები და ეს ყველაფერი გადავიღე,” – ამბობს მერაბ შენგელია.  

ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რას სთავაზობს შეკრებილ მოსახლეობას ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც “ვისოლის” წარმომადგენელია:

“ვისაც დაგჭირდებათ სათვალე, ბატონი ლევანის დაფინანსებით, უფასოდ გადმოგეცემათ. ასევე, ვაფინანსებთ კატარაქტის ოპერაციას. ახლა რომ შემობრძანდებით ჩვენთან, ექიმებთან, დიაგნოზს რომ დაგისვამენ, ბატონი ლევანი დააფინანსებს ამ ოპერაციას, რომელიც ამავე საავადმყოფოში გაგიკეთდებათ.”

საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩეველთა მოსყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის განიმარტება შემდეგნაირად:

“პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.”

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

იყენებს თუ არა ლევან ფხაკაძე პოლიტიკური მიზნებისთვის აქციას, რომელსაც კომპანია “ვისოლი” აფინანსებს სამტრედიაში?

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ “ჯერ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა ლევან ფხაკაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი”.

კომპანია “ვისოლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი რუსუდან კბილაშვილი ამბობს, რომ მას არ შეუძლია ფხაკაძის სავარაუდო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელების შესახებ ინფორმაციის დადასტურება.

მისივე თქმით, “ვისოლის” საქველმოქმედო ფონდმა ჯერ კიდევ 5 მაისს დაიწყო აქცია სამტრედიაში, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას თვალის უფასო გამოკვლევები და ოპერაციები უტარდება, ასევე, საჩუქრად გადაეცემათ ოპტიკური სათვალეები.

“სათვალე მეც მომცეს საჩუქრად, გამოკვლევა რომ ჩამიტარეს, სხვა არაფერი გჭირდებაო, მითხრეს და გამომიშვეს,” – განაცხადა მერაბ შენგელიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

“ვისოლ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დევიზია “ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს”. საქველმოქმედო აქცია სამტრედიაში კი არის მოსახლეობისათვის საშუალება, ჰქონდეთ ხედვა უკეთესი მომავლისა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს “ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე აწერს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია მაჟორიტარი კანდიდატები, მათ შორის არც სამტრედიაში. საკუთარი კანდიდატი სამტრედიაში უკვე დაასახელა “ქართულმა ოცნებამ” და ის ქართველი ლეგიონერი კახი კალაძე გახლავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი