“დაკავებული არ არის, მოწმის სტატუსითი იკითხება. დაახლოებით ათი წუთის წინ ელოდებოდნენ ადვოკატს. დეტალებზე უნდა მიმართოთ პროკურატურას. აეროპორტში იმყოფებოდა იმ დროს და ამიტომ მოხდა მისი აქ შეყოვნება”, – განაცხადა შოთა ხიზანიშვილმა.
ხიზანიშვილი არ ფლობს ინფორმაციას, შეატყობინეს თუ არა ალექსანდრე რონჟესს იმის შესახებ, რომ მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურასაც. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა იოსავას ცნობით, პროკურატურა არაა დაკავშირებული “გლობალ TV”–ის ამერიკელი მეწილის საქმესთან. მისი თქმით, საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.
12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გლობალ TV–ის ერთ–ერთმა მეწილემ, ალექსანდრე რონჟესმა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა, მისი თქმით, გლობალ TV–ის პრობლემები პოლიტიკური ნიშნით ექმნება და მათ ბიზნესს საფრთხეს უქმნის.