ახალი ამბები

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას პარლამენტი არჩევნების შემდეგ დაიწყებს

3 ოქტომბერი, 2016 • 2442
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას პარლამენტი არჩევნების შემდეგ დაიწყებს

პარლამენტის კომიტეტები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას 10 ოქტომბრიდან დაიწყებს. შესაბამისი განრიგი დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა.

განრიგის თანახმად,  ბიუჯეტის პროექტის განხილვა 10 ოქტომბერს დაიწყება და 17 ოქტომბერს დასრულდება. ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით,  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ დასკვნებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გადაცემიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, უგზავნის საქართველოს მთავრობას.

წესების მიხედვით, მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბერს უნდა წარუდგინოს. ხოლო, 14 ნოემბერს დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით, გარკვეულ სირთულეებს ქმნის ის ფაქტი, რომ არჩევნები და ბიუჯეტის მიღების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა:

“კომიტეტის თავმჯდომარეები ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილ განრიგს დაეთანხმნენ და ამ მხრივ პრობლემებს არ ველოდებით. 14 ნოემბერს პროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განვიხილოთ. დღეს ვთქვით, რომ დაველოდოთ  საარჩევნო პროცესების განვითარებას და 14 ნოემბერს არსებული მდგომარეობის შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება. დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ არჩევნები როგორ ჩაივლის, რამდენად ხშირ შემთხვევაში იქნება მეორე ტური და ასე შემდეგ. ძალიან რთული იქნება პროგნოზირება, თუ რა იქნება ნოემბერში. პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ პროცესი სრულყოფილი იყოს და კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებით მივიღოთ ბიუჯეტი.”

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი . პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა იქნება საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი