ახალი ამბები

კონტროლის პალატამ სააკაშვილის საჩუქრების საკითხის შესწავლა დაიწყო

14 ივნისი, 2012 • 917
კონტროლის პალატამ სააკაშვილის საჩუქრების საკითხის შესწავლა დაიწყო

 

როგორც ნეტგაზეთს კონტროლის პალატის პრესსამსახურში განუცხადეს, კონტროლის პალატა ყველა იმ საკითხის შესავლას იწყებს, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს. 

 

რა ეტაპზეა აღნიშნული საკითხის შესწავლა, კონტროლის პალატაში ამაზე ჯერ არ საუბრობენ.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა, რომლებშიც ღვინო და ბუკლეტები იყო მოთავსებული. 

 

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, ღვინო, რომელიც გუშინ დირექტორებს საჩუქრად გადაეცათ, ყვარლის რაიონში, პრეზიდენტის მარანში, მისი ოჯახის პირადი დანახარჯით ჩამოისხა:

 

“როგორც იცით, დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახი ფლობს მიწის ნაკვეთს და სახლს ყვარლის რაიონში. შარშან შემოდგომაზე მიღებული მოსავლის შემდეგ პრეზიდენტის და მისი ოჯახის პირადი დანახარჯით, მისივე ვენახიდან მოწეული მოსავლიდან ჩამოისხა ლიმიტირებული რაოდენობის სასუვენირო ღვინო, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ საპატიო სტუმრებს განსაკუთრებულ შემთხვევაში გადაეცემათ,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

თბილისის მასშტაბით ორასზე მეტი საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სავარაუდოდ, ამდენივე რაოდენობის ღვინო დაარიგა გუშინ პრეზიდენტმა  საჩუქრად დირექტორებზე.

 

საია-ს იურისტის, ლელა ტალიურის თქმით, თუკი 100 ლარზე მეტი რაოდენობის თანხაზეა ლაპარაკი, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც იკვეთება, ამიტომ, ლელა ტალიურის თქმით, ეს ფაქტი კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეისწავლოს.

 

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 11 ივნისს სამართალდამრღვევად სცნო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილი იმის გამო, რომ სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში მან რუსთავში, რამდენიმე ქუჩაზე მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი დაურიგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი