ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია: ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

13 ივნისი, 2012 •
უწყებათაშორისი კომისია: ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

კომისიის ცნობით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მათ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათი ორგანიზაციის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორ ქ.პ-ზე, რომელიც, ამავდროულად, ადგილობრივი საჯარო სკოლის პედაგოგია, ხოლო მისი ოჯახის წევრი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, სკოლის ადმინისტრაციას სამსახურიდან გათავისუფლების მითითება ჰქონდა.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ხარაგაულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი არევაძეს მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია სკოლის დირექტორებთან.

 

“გიორგი არევაძის განმარტებით, საუბარი შეეხებოდა მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური კამპანიის წარმოების დაუშვებლობას, რაც სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვას ან სკოლაში დასაქმებული პერსონალის ოჯახის წევრების პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიის გამო მათ სამსახურიდან დათხოვნას არ გულისხმობდა. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად სარწმუნოა მომხდართან დაკავშირებით რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ინტერპრეტაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფასებით, ცალკეულ პედაგოგებთან მიმართებით ამ ტიპის კომუნიკაცია უკვე წარმოადგენს დისციპლინარულ დარღვევას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყებათაშორისი კომისია ავრცელებს.

 

აღნიშნულმა კომისიამ 2012 წლის 31 მაისს გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც მოუწოდა ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობას, ასევე საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს, საარჩევო პროცესში თავი შეეკავებინათ დაგეგმილი ან შესაძლო ოტპიმიზაციის პროცესისგან და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიეღოთ შესაბამისი ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი