ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში იზოლატორიდან პატიმრები გაიქცნენ

2 ოქტომბერი, 2016 • 1534
აფხაზეთში იზოლატორიდან პატიმრები გაიქცნენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 09.50 საათზე მათთან შევიდა ზარი იმის შესახებ, რომ დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან სამი პატიმარი გაიქცა. მათ შორის ორი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

ოფიციალური ცნობით, სამივე პატიმარმა- გ.ინაშპამ, რ.უგრეხელიძემ და ბ.ლატარიამ კარიდან, რომელიც ჩაკეტილი არ იყო, იზოლატორის ადმინისტრაციულ კორპუსში შეაღწია. მათ ფანჯარა ჩაამსხვრიეს და ეზოში ჩავიდნენ, საიდანაც დაცვის წევრების ადგილზე არყოფნის გამო გაქცევა მოახერხეს.

ერთ-ერთი პატიმარი, ბ.ლატარია დრანდის იზოლატორიდან 2015 წლის 10 დეკემბერსაც გაიქცა. ის 2014 წლიდან სხვადასხვა ბრალდებისთვის იხდიდა სასჯელს. დანარჩენი ორი პატიმარი კი მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული.

აღნიშნული ფაქტის გამო, უწყების ცნობითვე, თანამდებობიდან დაითხოვეს საგამოძიებო იზოლატორის უფროსი გენადი ჩხეტია.

პატიმრების გაქცევის საქმეზე, უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი