ახალი ამბები

სამეგრელოში “ოცნების” ახალგზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

1 ოქტომბერი, 2016 • 1372
სამეგრელოში “ოცნების” ახალგზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დღეს, 1 ოქტომბერს, ზუგდიდის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სცემეს. პარტიაში აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდებს საარჩევნო ფლაერების დარიგებისას მიაყენეს.

როგორც “ქართულ ოცნებაში” ნეტგაზეთს განუცხადეს, ნაცემია რამდენიმე პირი, მათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მძიმედაა დაშავებული და ამ დროისათვის საავადმყოფოშია იმყოფება. პარტიაში ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მათ “ნაციონალური მოძრაობის” ნასვამმა აქტივისტებმა მიაყენეს, რომლებიც ახალგაზრდა აქტივისტების პროვოცირებას ცდილობდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ პოლიცია აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით იძებს, რაც ცემას გულისხმობს.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე ენმ-ს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ. დამატებით დეტალებს ამავე მასალაში შემოგთავაზებთ.

Update: “ნაციონალურ მოძრაობაში” განგვიცხადეს, რომ დიდინეძში მათი შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა ოჯახთან ერთად გადაადგილდებოდა მანქანით და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთს ოცამდე წევრმა გადაკეტეს გზა, რომლებიც მის პროვოცირებას ცდილობდნენ.

“პაპუნა კუკავამ სთხოვა მათ, რომ გზა გაეთავისუფლებინათ და გადაადგილების საშუალება მიეცათ. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპრიება. ამ ახალგაზრდებმა მას უთხრეს, ვინ ხართ, რატომ უდნა გაგატაროთ და ა.შ. დაპირისპირების ხმაზე გამოვიდნენ პაპუნა კუკავას მეზობლები. შელაპარაკებას მოჰყვა ის, რომ კუკავას მანქანა დაზიანდა და თვითონ შტაბის უფროსი, რამდენიმე პირთან ერთად, გადაყვანილია ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” ენმ–ში.

“ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს მათი მაჟორიტარობის კანდიდატ ედიშერ თოლორაიასა და გამგებელ ლაშა გოგიასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი