“ძალადობის შემთხვევები ცხადყოფს, რომ მთავრობასთან დაახლოებულ პირებს სურთ, მონოპოლისტური ბაზრის შექმნა. მთავრობის ქმედებებმა მატერიალური ზარალი მიაყენა გლობალ TV–სა და “სტერეო +”–ს, ამით კი მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რაც ზღუდავს სამაუწყებლო ბაზარზე სამართლიან კონკურენციას”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
12 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გლობალ TV–ის ერთ–ერთმა მეწილემ, ალექსანდრე რონზჰესმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში შექმნილი ზეწოლის გამო კომპანია დახურვის საფრთხის წინაშე დგას:
“გლობალ TV–ის პრობლემები პაკეტში მაესტროს ჩართვიდან დაიწყო და “მე–9 არხის” გავრცელების გადაწყვეტილების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა. გარდა იმისა, რომ ამ ფაქტის შემდეგ ჩვენთან 50–მდე კონტრაქტორმა ურთიერთობა გაწყვიტა, 2012 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”–მა და “იმედმა” სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და სასამართლოს მაისის დადგენილებით გლობალ TV–მ უნდა მოახდინოს ათასობით სატელიტის დემონტაჟი”.
იურისტი სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ნებისმიერ წამს შეიძლება მოითხოვოს.
ალექსანდრე რონზჰესის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალ TV პატარა კომპანიაა, ის საქართველოში 11 000 ადამიანს ემსახურება და ბაზრის 6%–ს იკავებდა, მთავრობის მხრიდან ზეწოლის შემდეგ კი კომპანია გაკოტრების პირასაა. რონზჰესის განცხადებით, გლობალ TV–ის აეკრძალა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ნებისმიერ ტენდერში მონაწილეობაც, რაც ბიზნესზე ზეწოლის გარდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
ალექსანდრე რონზჰესის თქმით, ის ამ საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში აუცილებლად ჩააყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რადგან თავად ამერიკის მოქალაქეა.

ამერიკის მთავრობის გარდა, საქმის კურსშია იტალიის მთავრობაც. როგორც “სტერეო +”–ის დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, ის რამდენიმე დღის წინ იტალიაში სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა:
“იტალიელი ინვესტორები დღემდე გამოყრილები არიან თავიანთი საკუთრებიდან და არც ერთი შესაგებელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში, არც ერთი საქმე ჯერ არ დაძრულა. ამიტომ მათ რომში შეიტანეს სარჩელი საქართველოში მათი ქონების ხელყოფასთან დაკავშირებით. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქმეს გადააგზავნის სტრასბურგში. მათი მონაწილეობის გარეშე მათ კომპანიაში ისეთი ცვლილებები ხდებოდა, რაც არც ერთ ქვეყანაში არ არის დაშვებული. ეს დარღვევები სახეზეა და არ მოითხოვს რაღაც განსაკუთრებულ ფაქტებეს”, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
კომპანიების წარმომადგენლები მოუწოდებენ ევროპისა და აშშ–ის მონიტორინგის ორგანოებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მედიას, გააკონტროლონ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ შექმნილი მდგომარეობა და შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევები:
“ის, რაც აქ ხდება, ძირეულად განსხვავდება იმისგან, თუ რას უყვებიან დასავლურ სახელმწიფოებს ევროკავშირთან თანამშრომლობის და ნატოსკენ სწრაფვის ფონზე, ამიტომაც მეცხრე არხის, გლობალ TV–სა სტერეო +–ის თანამშრომლები ღრმა პატივისცემით მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების და მხარდაჭერის თხოვნით”, – ნათქვამია განცხადებაში.