ახალი ამბები

მოითხოვე ტელევიზიები

12 ივნისი, 2012 • 5392
მოითხოვე ტელევიზიები

კობა ჩხეიძე, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამბობს, რომ 1000-მდე ხელმოწერა ქართული არხების ჩართვის მოთხოვნით უკვე შეაგროვეს. ჩართავენ თუ არა საკაბელო ტელევიზიები ქართულ არხებს საკუთარი ინიციატივით, თუნდაც რუსული გასართობი არხების ნაცვლად? “ტვ ერას” ერთ-ერთი მესაკუთრე ამბობს, რომ ეს რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

საკაბელო “ტვ ერას”  საეთერო ბადეში მისი ერთ-ერთი მესაკუთრის, გია მეტრეველის თქმით, ძირითადად, ქართული არხებია ჩართული და არა _ რუსული. ბათუმში სწორედ ამ საკაბელო ტელევიზიის ოფისთან მივიდნენ გასულ თვეში “ქართული ოცნების” აქტივისტები და რუსული არხების ქართულით ჩანაცვლება მოითხოვეს. საზოგადოების ერთი ჯგუფის მოთხოვნის შემდეგ “ტვ ერას” სამაუწყებლო ბადეში არაფერი შეცვლილა.

 

გია მეტრეველი საჯაროდ აფიქსირებს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის და იქვე იმ ადამიანების საქციელს აფასებს, რომლებიც მათ ოფისში პრეტენზიებით მივიდნენ: “მათი მოთხოვნა არ იყო აზრიანად ჩამოყალიბებული. მოვიდნენ, განცხადება დატოვეს ათი კაცის ხელმოწერით, ლამის მიტინგი ჩაატარეს და ითხოვეს საქმის გარკვევა. ჯერ ეკითხათ, ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ვაკეთებ ამას, თუ ფინანსურის. მაშინ მე ტელეფონზე მელაპარაკეს, ერთ კვირაში გამოვჩნდებითო _ თვე გადის, მაგრამ არავინ გამოჩენილა”.

 

გია მეტრეველი იმ გამოწვევაზე საუბრობს, რაც ქართული საინფორმაციო არხების ჩართვას შეიძლება მოჰყვეს:”ჩვენს სადგურზე შეიძლება ჩაირთოს 40-45 არხი, ანუ თუ არხების რაოდენობას დავუმატებთ, ჩვენების ხარისხი გაფუჭდება.
აბონენტებს უნდათ მეტი არხი, მაგრამ ჩვენი სადგური არ გვაძლევს მეტის საშუალებას… თუ პარლამენტი დაგვავალდებულებს, რომ უნდა ჩავრთოთ გარკვეული არხები, მაგრამ ამის გამო არ მომიწევს დამატებითი ხარჯის გაღება ან სააბონენტო გადასახადის გაზრდა, პრობლემა არ იქნება. ეს ყველაფერი მოლაპარაკების საკითხია და არა სამიტინგო”.

 

“აზრიანად ჩამოუყალიბებელი” იდეის ერთ-ერთი ავტორი, კობა ჩხეიძე განმარტავს, რატომაც ვერ მივიდნენ აქამდე “ტვ ერას” ადმინისტრაციაში: “ხელმოწერებს ვაგროვებდით. ათასმა აბონენტმა ბათუმის მასშტაბით უკვე გამოხატა წერილობით თანხმობა, რომ უნდათ ქართული არხების ჩართვა. ამ დღეებში აუცილებლად გადავცემთ არხს ამ ხელმოწერებს. იმედი მაქვს, ეს საკითხი პოზიტიურად გადაწყდება. ხელმოწერების მოგროვება გრძელდება”.

 

არასამთავრობოთა კოალიციამ “ეს შენ გეხებას” ფარგლებში საქართველოს პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. მათ შორის ერთ-ერთი იყო მასთ ქერისა და მასთ ოფერის პრინციპების დანერგვა საკაბელო ტელევიზიებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველა საკაბელო ტელევიზიას დაავალდებულებს, თავის ქსელში ჩართოს ყველა ლიცენზირებული ტელევიზია. პავლე კუბლაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არასამთავრობოების წარმომადგენლების ეს მოთხოვნა შეაფასა, როგორც “ძალიან ძნელი”. “იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკების გაგრძელება შესაძლებელია, მასთ ქერისა და მასთ ოფერთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ეს ძალიან გაძნელდება”, _ უთხრა არასამთავრობოებს კუბლაშვილმა დახურულ შეხვედრაზე.

 

ამის მიუხედავად, არასამთავრობოები ამ საკითხზე მუშაობას მაინც აგრძელებენ. მათ ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოში ჩამოსვლამდე მიმართეს მასთ ქერის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის რეკომენდაციის მიცემის თხოვნით. “ეს შენ გეხებას” ჯგუფის წევრები ბათუმში შეხვდნენ ჰილარი კლინტონის მოადგილესაც და მასაც იმავე თხოვნით მიმართეს.

 

საქართველოში ყოფნისას ჰილარი კლინტონს საჯაროდ არ უხსენებია მასთ ქერი და მასთ ოფერი, შესაბამისად, უცნობია, ესაუბრა თუ არა ის ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ცნობილია, რომ კლინტონის ბათუმში ჩამოსვლას დაემთხვა მეტრულ სიხშირეზე ტელეკომპანია “მე-9 არხის” ჩართვა თბილისში. თუმცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის გამგზავრებისთანავე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა ის საკაბელო არხი, რომელმაც “მე-9 არხი” ჩართო. დაჯარიმებული საკაბელო ტელევიზია “სტერეო+”-ია, მე-9 არხი კი ეთერიდან გათიშეს.

 

მასთ ქერისა და მასთ ოფერის პრინციპები ამერიკისა და ევროპის ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი