ახალი ამბები

“ქართული ოცნების” კანდიდატის თქმით, კენჭს თავად რომ არ იყრიდეს, ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა

30 სექტემბერი, 2016 • 2280
“ქართული ოცნების” კანდიდატის თქმით, კენჭს თავად რომ არ იყრიდეს, ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა

გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის განცხადებით, კანდიდატი რომ არ იყოს, არჩევნებში ხმას  ირაკლი ალასანიას მისცემდა. ამის შესახებ მან “ქართულ მედია ჯგუფთან” საუბრისას განაცხადა.

იოსებ მაკრახიძის განცხადებით, მოსახლეობას სისტემატიურად ხვდება და ოპოზიციის კანდიდატებთან დებატებისთვის დრო არ აქვს:

“სასწაულად მიყვარს ჩემი ქალაქი, ქალაქისთვის ყველაფერს გავაკეთებ,  რაც ჩემს ხელს ხელეწიფება. ადამიანებს ერთი საშუალება ეძლევათ ხოლმე, ზოგი ამ საშუალებას ვერ იყენებს. მე მინდა, რომ ჩემი გამოცდილება გავამართლო. მაჟორიტარად მოვევლინები ჩემს ქალაქს.  კანდიდატი რომ არ ვიყო, ირაკლი ალასანიას ავირჩევდი. ირაკლი ოქრუაშვილთან შეხება არ მქონია. ირაკლი ალასანიას გუშინ შევხვდი, მოვიდა, გადამეხვია, მომილოცა და მითხრა, არ გიცნობ, მაგრამ შენზე ბევრი კარგი გამიგიაო,” – ამბობს მაკრახიძე.

“ქართული ოცნების’ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იოსებ მაკრახიძე დაიბადა 1946 წლის 2 იანვარს ქალაქ გორში; 1972 წლებში დაამთავრა თბილისის პოლიტექნუკური ინსტიტუტი და მიენიჭა გზათა მიმოსვლის ინჟინრის კვალიფიკაცია; 1999 წლიდან დღემდე არის შპს. „იბოლიას“ დირექტორი; ასევე  წილს ფლობს შპს “იბოლიაში “(40 %), შპს “მათაში” (50 %), შპს “რიკოთში” (50 %).

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იოსებ მაკრახიძე ამ პარტიის მსხვილი შემწირველი იყო. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით,  წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შპს “იბოლიამ” 29 ტენდერში გაიმარჯვა, ასევე გამარტივებული შესყიდვის წესით 21 კონტრაქტი გააფორმა.

იბოლია

გორის 41-ე საარჩევნო ოლქში იოსებ მაკრახიძის გარდა კენჭს იყრის  შოთა წკრიალაშვილი [საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე ‐  სახელმწიფო ხალხისთვის”]; ვახტანგ რაზმაძე [საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე ‐  დემოკრატიული მოძრაობა”]; ალექსი გოგლიძე [საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონა ლური მოძრაობა”] ; მამუკა ნოზაძე [საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან‐ მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”]; ვლადიმერ სავანელი [„შალვა ნათელაშვილი ‐  საქართველოს ლეიბორისტული პარტია”]; თამაზ ჯალაღონია [„საქართველოს კომუნისტური პარტია ‐ სტალინელები”]; ზაზა გიგაური [„დავით თევზაძე ‐ საქართველოს მშვი დობისათვის”]; ნიკოლოზ ოთინაშვილი [„საქართვე ლ ო”]; სვეტლანა კასაევა [საარჩევნო ბლოკი „თოფაძე ‐  მრეწველები, ჩვენი სამშობლ ო”]; გურამ მჭედლიძე [ეროვნული ფორუმი]; ირაკლი ალასანია [„ირაკლი ალასანია ‐ თავისუფალი დემოკრატები”] და დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი .

 

მასალების გადაბეჭდვის წესი