ახალი ამბები

წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის ამბავი არის ტყუილი

30 სექტემბერი, 2016 •
წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის ამბავი არის ტყუილი

საქართელოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოსთვის მოსამართლეების ამრჩევ კომიტეტს საქართველოდან წარდგენილი მოსამართლების კანდიდატების სია არ ჩაუგდია.

წულუკიანის განცხადებით, კენჭისყრა გადადო იმიტომ, რომ მოქმედ მოსამართლეს ვადა თებერვალში ეწურება.

“საერთოდ, სასაცილო ამბები ხდება იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გაუშვა ტყუილი, რომელიც არის ტყუილი და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება და არაერთი ძალიან საპატივსაცემო ინსტიტუცია. სიმართლე კი არის ის, რომ გუშინ პარიზში გაიმართა შესაბამისი კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა ცნობად მიიღო ჩვენ მიერ წარდგენილი სამი კანიდიდატის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, იმსჯელა და სამპირიანი სია ცნო დასაშვებად. ამის შემდეგ გაიმართა კანდიდატებთან გასაუბრება და კანდიდატებს არავინ მიუშვებდა გასაუბრებამდე, სია რომ ჩავარდნილი ყოფილიყო. ამიტომაც სიის ჩავარდნის ე.წ. ახალი ამბავი, ნიუსი არის ტყუილი. გაესაუბრნენ კანდიდატებს და შემდეგ გადაწყდა, რომ რაკი მოქმედ მოსამართლეს თებერვალში ეწურება ვადა, კენჭი ეყაროს- გამარჯვებული ვინ იქნება ამ სამიდან: ბადაშვილი, ბარამიძე თუ გოცირიძე –  იანვარში. ჩვენ, მთვრობას არსად არ ვეჩქარება, რადგან დღესაც რომ არჩეულიყო ამ სამიდან ერთ-ერთი, ვერ დაიწყებდა საქმიანობას, რადგან მოქმედი მოსამართლე სახეზეა და მას ვერავინ ვერ შეეხება თებერვლის თვემდე,”- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. ამავე ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-იც.

ნეტგაზეთთან საუბრისას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ მიიღო კომიტეტმა კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრის იანვარში ჩატარების გადაწყვეტილება.

“არ ვიცი, მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ იანვარს,”- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ამრჩევი კომიტეტის სამდივნოს, სადაც შეკითხვაზე, რა გადაწყვიტა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, განგვიცხადეს, რომ “ეს არ არის საჯარო ინფორმაცია”.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან საპარლამენტო ასამბლეამ ერთი მათგანი უნდა დანიშნოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი