ახალი ამბები

ევროსასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ ასაჯაროებენ

30 სექტემბერი, 2016 • 1171
ევროსასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ ასაჯაროებენ

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კომიტეტის სამდივნოს ცნობით, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებთან კომიტეტში გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.

ნეტგაზეთს შეკითხვაზე, რა გადაწყვიტა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, სამდივნოში განგვიცხადეს, რომ “ეს არ არის საჯარო ინფორმაცია”.

სამდივნოში ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხის შესახებ კომიტეტი არ იღებს:

“საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეამ” – განუცხადეს ნეტგაზეთს სამდივნოში. საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია 10-14 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. სამდივნოს წარმოამდგენლის თქმითვე, ასევე არ არის ცნობილი, იქნება თუ არა საჭირო საქართველოდან მოსამართლეობის კანდიდატების ახალი შემადგენლობის გაგზავნა.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართელოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან საპარლამენტო ასამბლეამ ერთი მათგანი უნდა დანიშნოს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ასარჩევი კომიტეტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ 29-30 სექტემბერს უნდა გამართულიყო გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან აზერბაიჯანიდან, ალბანეთიდან, საქართველოდან და მაკედონიიდან. გასაუბრებების შედგეები არ გამოქვეყნებულა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ საქართველოდან წარდგენილ 3 მოსამართლის კანდიდატურას კომიტეტი კენჭს იანვარში უყრის.

“ჩატარდა გასაუბრება სამივე კანდიდატთან და კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა ჩაატაროს იანვარში. სამივეს უყრიან კენჭს. გამარჯვებულს კენჭისყრა გამოავლენს”, – მოგვწერა ბარამიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ჩატარდა კენჭისყრა გუშინ, ბარამიძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას არ აქვს:

“არ ვიცი, მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ იანვარს,”- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, ჩიორა თაქთაქიშვილისა და გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი