ახალი ამბები

აქციას ქუთაისში ქუთაისელების მცირე რაოდენობა დაესწრო [Video]

10 ივნისი, 2012 •
აქციას ქუთაისში ქუთაისელების მცირე რაოდენობა დაესწრო [Video]

ქართული ოცნების აქცია
ქართული ოცნების აქცია

ქართული ოცნების აქცია
ქართული ოცნების აქცია

“ისევე როგორც თბილისში, ქუთაისშიც ორგანიზებულად დაიმალა პატრული. აქ თვითორგანიზებით ხდება ღონისძიების ჩატარება. ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება არა მარტო მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. აუცილებელია ზომების მიღება, რომ რაიმე არ დაემართოს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ეშინია მიხეილ სააკაშვილს, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა. რაც უფრო მეტად იქნება დაცული ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მით უფრო კარგი იქნება. სწორედ ამიტომ არის გაკეთებული ტყვიაგაუმტარი მინები სცენის ირგვლივ,” – განაცხადა კოალიაცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ტყვიაგაუმტარი მინები სცენის ირგვლივ
ტყვიაგაუმტარი მინები სცენის ირგვლივ

აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს იძლეოდნენ კოალიციის წარმომადგენლები.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, ტერიტორია ასსაფეხურიან კიბესთან არსებული მოედნიდან გზაჯვარედინამდე, სადაც წერეთლის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ქუჩები კვეთენ ერთმანეთს, შეადგენს 3960 კვ.მ-ს. აღნიშნული ტერიტორია მთლიანად და მჭიდროდ გავსების შემთხვევაში, დაიტევდა 19 800 ადამიანს. ტერიტორია მჭიდროდ და სრულად არ გავსებულა, მაგრამ აქციის მონაწილეები ასევე განლაგებულნი იყვნენ თვითონ ასსაფეხურიან კიბეებზე.

აქციის ორგანიზატორები და  კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ზუსტად იმდენი ადამიანი მოვიდა აქციაზე, რამდენსაც ელოდნენ:

“აქციამ მოლოდინი გაამართლა. ჩვენ ველოდით, რომ ქუთაისი და იმერეთი ისეთივე განწყობით დახვდებოდა ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას, როგორც თბილისი 27 მაისს, ქუთაისმა და იმერეთმა, როგორც  ივანიშვილს, ასევე – “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა გამოუცხადა. სააკაშვილმა უკვე წააგო თბილისი და წააგო იმერეთიც,” – განაცხადა კოალიცია “ქართული ოცნებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ის ბოლო ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, წყალტუბოში:

“დღეს გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, რომელმაც დაასტურა ის მზადყოფნა ხალხის, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ვგრძნობდით. დღევანდელმა შეხვედრამ სააკაშვილის კიდევ ერთი მითი გააქარწყლა, რომ თითქოს მხოლოდ თბილისში არ უჭერენ მხარს მას და დანარჩენ რეგიონებში მხარს უჭერენ. დღეს გამოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. იმერეთმა თქვა დღეს მთელი საქართველოს სათქმელი. სააკაშვილის დრო ამოიწურა. მოვიდა ძალიან ბევრი ხალხი. იმდენი, რამდენსაც ველოდით“.

აქციამდე დარიგდა ქართული ოცნების გაზეთები
აქციამდე დარიგდა ქართული ოცნების გაზეთები

საია-ს დამკვირვებელი აქციაზე
საია-ს დამკვირვებელი აქციაზე

“ემოციებით სავსე ვარ. შეიძლება ბევრი რაციონალური ვერაფერი გითხრათ, იმიტომ , რომ გახარებული ვარ. ამდენი ჩვენი თანამემამულე, ამდენი იმერელი, ამდენი ქუთაისელი… გრანდიოზული აქცია ჩატარდა დღეს. ქუთაისში, ფაქტობრივად, საალყო მდგომარეობაში ვიყავით ბოლო ერთი კვირა, ჩვენ გავძელით და გავანგრიეთ ეს ალყა. სააკაშვილი უკვე ქუთაისშიც გუშინდელი დღეა, სააკაშვილი გუშინდელი დღეა თვილისშიც  და ერთ კვირაში გუშინდელი დღე იქნება გურიაშიც,” – განაცხადა კოალიაცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ქუთაისში ამავე კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა:

“ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა სამტრედიიდან, დაახლოებით 2000-მდე. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა და ერთსულოვნად იბრძვიან გამარჯვებისთვის, რასაც მთელი საქართველო ელოდება,” – განაცხადა კახა კალაძემ.

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია ქუთაისში ბერას კონცერტით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილის რეპერმა ვაჟმა ქუთაისის აუდიტორიას აცნობა, რომ აუცილებლად ეწვევა მათ სოლო კონცერტით, მაგრამ დღეს, მისი თქმით, თავს შეიკავებდა სიმღერის შესრულებისგან იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანი დაიღუპა ნგრევის შედეგად. ამავე მიზეზით, წუთიერი დუმილით პატივის მიგება ითხოვა აუდიტორიისგან თავისი გამოსვლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი