ახალი ამბები

ივანიშვილი: “არ დავუშვებთ, კანონიერი ქურდი ხელისუფალმა ჩაანაცვლოს” [Video]

10 ივნისი, 2012 •
ივანიშვილი: “არ დავუშვებთ, კანონიერი ქურდი ხელისუფალმა ჩაანაცვლოს” [Video]

ქუთაისში კოალიცია “ქართული ოცნების” აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში წესრიგის დამყარებაზეც ისაუბრა. 

 

“ჩვენ ასევე გავათავისუფლებთ პოლიციას პოლიტიკური დაკვეთისგან. პოლიცია შეასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას – ის იქნება არა ხელისუფლების, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურში. დიახ, ამას არ სჭირდება ბიუჯეტის ცვლილებები, ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა და ჩვენ   ამას გავაკეთებთ!

 

წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობითა და ძალმომრეობით დამყარებული წესრიგი ერთ მოძალადეს მეორით ცვლის. ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც   ხალხმა თავის თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კრიმინალური კლანებისა და კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი.               

 

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: ეს დრო არც ამ ქალაქში და არც სრულიად საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ  ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ კანონიერი ქურდი „ქურდად მომჯდარმა“ ხელისუფალმა ჩაანაცვლოს.

 

კრიმინალების მძლავრობის დროს პატიოსან მოქალაქეს იმის იმედი მაინც რჩება, რომ სახელმწიფო ადრე თუ გვიან მოძლიერდება და აღკვეთს უკანონობას, მაგრამ როდესაც თავად სახელმწიფო იქცევა როგორც ავაზაკთა ბანდა, ეს გაცილებით საშიში და დამანგრეველია ქვეყნისთვის.

 

დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი. “- განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი