ნეტგაზეთი | შსს-მ გლდანში ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შსს-მ გლდანში ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა – Netgazeti

შსს-მ გლდანში ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ვ.ი. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალი იარაღის მუქარით დააყაჩაღა, თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა.

“შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა – უჩა ბუსხრიკიძემ და გიორგი ჭულუხაძემ მომხდარ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შეიარაღებული ბოროტმოქმედის შეჩერებას შეეცადნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით უჩა ბუსხრიკიძე დაჭრა. საპასუხო სროლისას დაიჭრა თავად თავდამსხმელიც. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. თუმცა სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.” – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი