ახალი ამბები

“ქართული ოცნების” აქციაზე მომიტინგეებს იმერეთის რაიონებიდანაც ელიან

9 ივნისი, 2012 • 1178
“ქართული ოცნების” აქციაზე მომიტინგეებს იმერეთის რაიონებიდანაც ელიან

“ქართული ოცნების” აქცია 10 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება ქუთაისში, სადგურის მოედანზე, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის თქმით, ისინი ქუთაისის აქციისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ და, შესაბამისად, ათასობით მომხრეს ელიან არა მხოლოდ ქუთაისიდან, არამედ იმერეთის დანარჩენი 11 მუნიციპალიტეტიდან.

 

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რაიონებში ბენზინგასამართი სადგურები დაიკეტოს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ხელს არ შეუშლის აქციის ჩატარებას. ჩვენ უკვე მივმართეთ იმერეთის სამხარეო პოლიციას, დაიცვან წესრიგი ქალაქში. აქციას უპრეცემდენტო რაოდენობის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. იმედი გვაქვს, რომ იმერეთი ტოლს არ დაუდებს თბილისს,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

“ქართული ოცნების” ქუთაისის ოფისის წარმომადგენლის, ზაზა მეთაფლიშვილის თქმით, იმერეთის რაიონებიდან მხარდამჭერების გადაადგილება ქუთაისის მიმართულებით დღის 2-3 საათიიდან დაიწყება.

 

„რამდენიმე ჯგუფი დავდივართ რაიონებში. ასი ადამიანიდან ასივე ამბობს, რომ აქციაზე მოდის. მათ თან უმარავი ადამიანი მოჰყავთ. შიში ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ, ძირითადად, ეს შიში არის გატეხილი. პირადად მე წყალტუბოს კოლონას ჩავუდგები სათავეში და აქციას შევუერთდებით. ხალხის მობილიზებაში მონაწილეობენ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ცნობილი სახეები, სპორტსმენები და ხელოვნების წარმომადგენლები,“- განაცხადა სოზარ სუბარმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

მან მოსალოდნელ საფრთხეებზეც ისაუბრა:

 

„ხელისუფლება რასაც აკეთებს, ეს არის ფართხალი. ცხადია, ეცდებიან პროვოკატორები შემოგვიგზავნონ. სააკაშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ  ახალგაზრდობას და ამ ომს მიიღებს“.

 

პროვოკატორებზე საუბრობს პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილიც:

 

„ეს უბედურებაა, რასაც ატრიალებს მერაბიშვილი-ადეიშვილი და სააკაშვილი საქართველოში, უნდა დასრულდეს. სავსეა ქუთაისი პროვოკატორებით, რომლებიც დარბიან ღილზე მიბმული კამერებით.“

 

“ქართული ოცნების” პირველი მასშტაბური აქცია თბილისში,27 მაისს გაიმართა. იქვე გამოცხადდა, რომ მომდევნო აქცია ქუთაისში გაიმართებოდა 7 ივნისს მესხიშვილის თეატრის წინ. თუმცა აღნიშნულ დროს და აღნიშნულ ადგილზე აქციის გამართვის ნებართვა ქუთაისის მერიამ არ მისცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, რის შემდეგაც აქციის გამართვის ნებართვა გაიცა 10 ივნისს აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

თუმცა აქციამდე რამდენიმე დღით ადრე პროკურატურამ ქუთაისში “ქართული ოცნების” რამდენიმე აქტივისტს ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით წაუყენა ბრალი.

 

აქციას ქუთაისში კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი