ახალი ამბები

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

9 ივნისი, 2012 • 1379
ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრთან – ზურაბ ადეიშვილთან ერთად დაგეგმა სპეცოპერაცია 21 წლის ნინო ყურუას წინააღმდეგ.

 

“მიიყვანეს ვიღაც კახა კოღუაშვილი, რომელიც არის აგენტი, გაუკეთეს კამერა და მიუშვეს ნინო ყურუასთან. კოღუაშვილი ახდენდა ყურუას პროვოცირებას. სააკაშვილი უკვე დაუპირისპირდა თავისი ქვეყნის ბავშვებს”, – აცხადებს წულუკიანი.

 

გუშინ, 8 ივნისს, პროკურატურაში დაკითხვის დროს ნინო ყურუას წარუდგინეს ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია, რომ ნინო ყურუა სთავაზობს ადამიანებს, ჩაწერონ თავიანთი ოცნებები ფურცელზე, როგორიცაა, მაგალითად, ოცნება უფასო ჯანდაცვაზე, უფასო განათლებაზე და ა.შ. ამავე ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია ფაქტი, როცა ერთ-ერთი მოქალაქე ეკითხება ყურუას, შეუძლია თუ არა ჩაწეროს ამ ფურცელზე და მოითხოვოს ტექნიკა, რაზეც ყურუა პასუხობს, რომ მას შეუძლია ის ჩაწეროს, რაც სურს. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი დღეს სასამართლოზეც იქნა გამოყენებული ყურუას წინააღმდეგ.

 

“სასამართლო სხდომა მიჰყავს მოსამართლე-კარიკატურას, დავით ახალბედაშვილს, რომლიც არის უცოდინარი. 21 წლის ნინო ყურუას წაუკითხა 164-ე მუხლის ძველი ვერსია, რომელიც დღეს ძალაში არ არის. კოტე კუბლაშვილმა გამოუგზავნოს ამათ დღეს მოქმედი კოდექსი. ბრალს უყენებენ ამომრჩევლის მოსყიდვაში, მაგრამ მოსამართლემ არ იცის, რა მუხლია ეს. ამ ჩანაწერში ყურუა არ აკეთებს დაპირებებს და შეთავაზებებს, ეს წერია სწორედ მუხლში – შეთავაზება ან დაპირება, და ის არც ერთს არ აკეთებს. დანაშაული სახეზე არ არის”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

 

საქართველის სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლი ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, კერძოდ – ეს არის პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

 

ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით 7 ივნისს ქუთაისში დააკავეს ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრები – გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი, რომლებსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

ამის შემდეგ პროკურატურამ იგივე მუხლის საფუძველზე წაუყენა ბრალი ჯაბუასა და ყურუას, თუმცა დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი