ტელეკომპანია ”მაესტრომ” დღეს, 8 ივნისს, 22:00 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეარხის გორის კორესპონდენტის, ია თინიკაშვილის ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
”მაესტროს” პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაერთო ია თინიკაშვილის თანმხლები პირი, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანას ეტყობა ნატყვიარები, თუმცა თავად ჟურნალისტი დაშავებული არ არის. მიუხედავად ამისა, მას მაინც დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თინიკაშვილის თანმხლები პირის თქმით, ექიმებმა თინიკაშვილს დამამშვიდებელი პრეპარატი მისცეს.
ტელეკომპანია ”მაესტროს” ცნობით, შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის გზაზე მოხდა. ამჟამად ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.