ახალი ამბები

უპრეცენდენტო კონტროლი სასამართლოში ივანიშვილთან დაკავშირებულ პროცესზე

8 ივნისი, 2012 •
უპრეცენდენტო კონტროლი სასამართლოში  ივანიშვილთან დაკავშირებულ პროცესზე

ორშაბათისთვის გადაიდო  შპს “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში .  სასამართლო დღეს  კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის კანონიერებას იხილავდა.  კონტროლის პალატის ბრალდებით,   კოალიცია “ქართული ოცნება”   კომპანიების– “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკურ, პერსონალურ და სხვა საშუალებებს  პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა.

უჩვეულო კონტროლი იყო სასამართლო პროცესზე –  ჟურნალისტები, ადვოკატები და პროცესზე დამსწრეები არაერთხელ გაჩხრიკეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ დარბაზში, სადაც ზემოთ აღნიშნულ საქმეს იხილავენ.

სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები ამოწმებდნენ ჟურნალისტებს, დარბაზში მყოფ ყველა ადამიანს.  ყველა დამსწრეს  მობილური ტელეფონები დაატოვებინეს დარბაზის გარეთ,  მაგიდაზე, რომელიც სპეციალურად ამოიტანეს ამ პროცესისთვსის.

პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გამოსული ყველა პირი, მათ შორის ჟურნალისტები,  კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს.  შეამოწმეს დიქტოფონზე არსებული ყველა აუდიოჩანაწერი.

ასევე ორჯერ შეამოწმეს  საიას წარმომადგენელი ლელა ტალიური.

ეს კონტროლი არ შეხებია კონტროლის პალატის წარმოამდგენელს, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში მობილური ტელეფონით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა.

ჟურნალისტებმა  მანდატურის თანამშრომელს მოსთხოვეს განმარტება ასეთი კონტროლის შესახებ, რაზედაც განუცხადეს, რომ  სასამართლოს შენობის შესასვლეში დეტექტორმა “აურია”, რის გამოც გაუჩნდათ ეჭვი, რომ პროცესს ვიღაც იწერდა.

მანდატურებმა ჟურნალისტებს ასევე წარუდგინეს სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის 2012 წლის 1 ივნისის ბრძანება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ეს კონტროლი.

 

საიას იურისტი ლელა ტალიური ამბობს, რომ  მსგავსი უსაფრთხოების ზომები იყო უპრეცნედენტო და  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აუცილებლად შეისწავლის სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი