“კოალიცია “ქართულ ოცნებას” უკავშირდებიან მოქალაქეები და ატყობინებენ ანონიმური სატელეფონო ზარების შესახებ, რომლითაც მათ ეპატიჟებიან “ქართული ოცნების” ოფისში, ვითომდა საჩუქრების მისაღებად”, – ამ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური 8 ივნისს ავრცელებს.
“ქართულ ოცნებას” მიაჩნია, რომ “ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი ბინძური პროვოკაცია, ნაწილი ერთი დიდი გეგმისა, რომელიც მან ქუთაისში წამოიწყო და რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციაა”.
კოალიცია მიმართავს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოახდინონ სათანადო რეაგირება, ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას.
შეგახსენებთ, სამართალდაცავებმა “ქართული ოცნების” სამი აქტივისტი 7 მაისს დააკავეს ქუთაისში და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გრიგოლ ამბროლაძეს, მიხეილ მესხსა და მიხეილ ამაშუკელს ბრალი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით წაუყენეს. გუშინვე “ ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა განცხადება დაკავებული პირების კოალიციიდან გარიცხვის შესახებ.