ნოდარ სორდია ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შესახებ მან მედიის წარმომადგენლებისგან გაიგო.
“ეგ არის აბსურდი, რომ მე პარლამენტში რამე ჩამონგრევის შედეგად დამიზიანდა ხელი. გუშინ, დილის 10 საათი იქნებოდა, კედლის მონტაჟის დროს რკინის ჩარჩო ჩამომივარდა და ხელი გამიჭრა. ბიჭებმა მითხრეს, საავადმყოფოში წავიდეთო. წამიყვანეს საავადმყოფოში და ხელი შემიხვიეს,”- ამბობს დაზარალებული ნოდარ სორდია.
მისივე თქმით, საავადმყოფოში მედპერსონალს თავადვე უთხრა, რომ პარლამენტში მშენებლობის დროს დაშავდა, რაც, მისი განმარტებით, მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელების საბაბი გახდა.
შეგახსენებთ, რომ info9.ge -ზე გავრცელებული მასალის შესაბამისად, პირველი პაციენტი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შედეგად ქუთაისის საავადმყოფოში 7 ივნისს, დილის 10 საათზე შეიყვანეს.
“ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში პირველი დაზარალებული დილის 10:00 საათზე შევიდა. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა კოტე ხელაძემ უარყო ინფორმაცია, რომ ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის კედლის ჩამონგრევისას დაზიანებული პაციენტი მისმა კლინიკამ მიიღო, თუმცა ფარულ ვიდეოჩანაწერში ეს ინფორმაცია „ინფო-9-ს“ მიმღებმა ექიმმა დაუდასტურა, კადრში კი კარგად ჩანს, რომ მთავარი ექიმი მას ანიშნებს, არაფერი თქვას,”- ნათქვამია info9.ge-ს ინფორმაციაში.