დღეს, 7 ივნისს მასწავლებლის სახლში დღეს გამართულ შეხვედრაზე მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და თქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღება სკოლაში ჩაბარებული 8 გამოცდითა და უნარ-ჩვევებში ტესტით უნდა მოხდეს.
“7 წლის წინ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ამ გამოცდებმა ძირითადად გადაწყვიტა კორუფციის პრობლემა უნივერსიტეტში მიღების დროს. ეს იყო დიდი მიღწევა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. სკოლები იყო უმძიმეს მდგომარეობაში, 28 ლარი ჰქონდა პედაგოგს ხელფასი, არ იყო გათბობა და ა.შ.
ახლა სხვა სიტუაციაა. რა პრობლემაც შექმნა ეროვნულმა გამოცდებმა ჩემზე უკეთესად იცით. ვინაიდან ყველამ იცოდა, სკოლაში რასაც გააკეთებდა მნიშვნელობა არ ჰქონდა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ამიტომ დაცარიელდა სკოლა. დიმიტრი შაშკინმა და ყველა ჩვენგანმა ეს ადამიანები დავაბრუნეთ სკოლაში. ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში ატესტატები, წახალისების სისტემა მედლები, ოლიმპიადები, რომელიც გაუქმებული იყო. ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში გამოცდები.
პირველი საატესტატო გამოცდები გვქონდა პრობლემური. ამჯერად არ დაგვიწევია სტანდარტი, და მათემატიკაში შარშან თუ ჩაიჭრა 20 %, წელს 1 % ჩაიჭრა. დონე განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში ამაღლდა.
მაგრამ დღეს, 8 სკოლის გამოცდისთვის ცალკე ემზადება ბავშვი, მერე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ქირაობს რეპეტიტორს და ემზადება დანარჩენი ოთხი გამოცდისთვის. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. რეპეტიტორების ქირაობის საშუალება ძირითადად აქვს ხალხს თბილისის ცენტრში. რეგიონებში პრაქტიკულად არ ემზადებიან.
აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ისევ დავყავით ცხვირაწეულ, პრივილეგირებულებად და დანარჩენ საზოგადოებად. ეს არის ფუნდამენტური დავა, ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ.
ჩვენ დავკარგეთ დრო, ბოლო ერთი წელი ამათ სამინისტროში კამათში რომ არ გაეტარებინათ და დროზე მიგვეღო ეს გადაწყვეტილება წელს უკვე ეროვნული გამოცდები არ ჩატარდებოდა. წელს კი ჩატარდება, მაგრამ მომავალ წელს აღარ უნდა ჩატარდეს. მომავალი წლიდან სკოლებში იქნება 8 გამოცდა და ერთი ტესტი უნარ ჩვევებში, როგორც არის ცივილიზებულ ქვეყნებში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.