ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის ბლოკში რჩება

28 სექტემბერი, 2016 • 1711
გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის ბლოკში რჩება

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის ბლოკში “სახელმწიფო ხალხისთვის” რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი” დატოვა, რომელიც თავის მხრივ ჯერ სწორედ ვაშაძის “ახალ საქართველოსთან” გაერთიანდა და შემდეგ შეუერთდნენ პაატა ბურჭულაძეს, ვაშაძემ პაატა ბურჭულაძესთან დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი ვაშაძემ ბლოკში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ბლოკი გუშინ, 27 სექტემბერს დატოვა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი”. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ “გირჩს” ბლოკი  ბიძინა ივანიშვილის დაფინანსების გამო დაატოვებინა.

“საქართველოშუ უნდა დამთავრდეს არაფორმალური მმართველობა, უნდა დასრულდეს დაპირისპირება და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვაგრძელებ ბრძოლას 8 ოქტომბერს გამარჯვებისთვის.  ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო. აუცილებლად მჭირდებოდა გავლა სხვადასხვა თემების, საუბარი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბლოკში. ერთი რამ არის მთავარი – დღეს მე ვარ აქ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა ბურჭულაძის თქმით,  “გირჩი” ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობდა:

“ეს თანხა  მოდიოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. მეტსაც გეტყვით,  თანხების გარდა იქ იყო მთელი სქემა და თამაში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენს გარშემო ჩატარებულიყო სხვანაირი თამაში, რომელიც დროულად გაიშიფრა. ძალიან დროული იყო ჩემი გადაწყვეტილება. დამოუკიდებელი ძალა  ვაგრძელებთ ბრძოლას, გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და ერთხელ და სამუდამოდ ბოლოს მოვუღებთ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,” – აღნიშნა ბურჭულაძემ.

  • ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2016 წლის მაისში დატოვა პარტია ენმ და  5 ივნისს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” დააარსა;
  • 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობა დატოვეს დეპუტატებმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ და  პოლიტიკური გაერთიანება  “გირჩი” დააარსეს;
  • ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის 28 მაისს დააფუძნა პარტია “სახემლმწიფო ხალხისთვის”.
  • 5 აგვისტოს “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  გაერთიანდნენ და საარჩევნო ბლოკი “ახალი არჩევანი” შექმნეს:
  • 18 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” საარჩევნი ბლოკში გაერთიანდა “ახალ არჩევანთან”, რომელშიც თავის მხრივ შედიოდნენ პარტიები  “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები”.
  • 27 სექტემბერს ბლოკი დატოვა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი