“პირველი სტერეოსა” და “სტერეო +”–ის პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც კომპანიების მფლობელს, დავით ზილფიმიანს კომპანიაში წილები მოულოდნელად დაუყადაღეს. ის ამ ფაქტს”მე–9 არხთან” კავშირს, კერძოდ, ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირებს.
“პირველი სტერეოს” და “სტერეო +”–ის იტალიელი თანამფლობელები წილების დაყადაღებასა და ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს უკანონოდ მიიჩნევენ, რის გამოც სასამართლოს მიმართეს.
“ბატონი დავითი დღეს დილით გაემგზავრა იტალიაში. იქ სასამართლო პროცესი იმართება “პირველ სტერეოსთან” და “სტერეო +”–თან დაკავშირებით, იტალიელმა პარტნიორებმა იჩივლეს. ბატონი დავითი სასამართლომ უნდა დაკითხოს”, – განაცხადა “სტერეო +”–ის წარმომადგენელმა თამუნა ბოჭორიშვილმა, თუმცა “სტერეო +”–ის წარმომადგენელი დეტალებზე ვერ საუბრობს.
დავით ზილფიმიანის თქმით, პრობლემები წილების დაყადაღებით არ დასრულებულა, ის კომპანიებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას “მე–9 არხთან” კავშირით ხსნის:
“ჩემ მიერ მე–9 არხთან თანამშრომლობის დაწყებისთანავე ჩემს კომპანიას თავს დაატყდა უბედურებათა მთელი კასკადი. ეს იყო შემოვარდნები, დარბევები, ძარცვა და ყაჩაღობა”, – აცხადებს დავით ზილფიმიანი. მისი თქმით, სწორედ “მე–9 არხთან” კავშირით აიხსნება ბოლო ფაქტიც, როდესაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მას 5 000– ლარიანი ჯარიმა დააკისრა და როგორც თავად ამბობს, მისი კანონიერი ქმედებები უკანონობად მიიჩნია.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “სტერეო +”–ისგან “მე–9 არხისთვის” სიხშირის გათიშვა მოითხოვა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა.
ვინაიდან კომპანიამ მოთხოვნა არ შეასრულა, სიხშირე ანძიდან “ალფა კომის” დახმარებით გუშინ გაითიშა.
“სტერეო +”–ს ტელეკომპანია “მე–9 არხთან” სიგნალის გავრცელების შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად ჰქონდა გაფორმებული. როგორც “მე–9 არხის” დირექტორი კახა ბექაური აცხადება, მის ტელეკომპანიასა და “სტერეო +”–ს შორის თანამშრომლბა კანონის ფარგლებში ხორციელდებოდა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა მედიისთვის თავისუფლების შეზღუდვა. მან კომისიის გადაწყვეტილებას კომედიური უწოდა:
“აბსოლუტურად კანონის ფარგლებშია ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული აქვს “მე–9 არხს” “სტერეო +”–თან, რაც გულისხმობს, “სტერეო +”–ის მფლობელობაში არსებული ლიცენზიის თანახმად, სიხშირული სპექტრის გამოყენებას “მე–9 არხის” მიერ. ეს სხდომაზეც არ იქნა დამალული, მათმა ტექნიკურმა ექსპერტებმა და იურისტებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება არის კანონიერად გაფორმებული, ეს არის საქართველოში სიტყვის თავისუფლების კიდევ ერთი უხეში შეზღუდვა. ასეთი არაერთი ფაქტის მომსწრე ვართ 2003 წლიდან”, – განაცხადა ბექაურმა.
დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ მსგავსი ხელშეკრულება მას აქამდე სხვა ტელევიზიებთანაც ჰქონდა გაფორმებული, თუმცა პრობლემები არ შექმნია:
“საეთერო მაუწყებლობის უფლება არ ჰქონდა არც “მაესტროს”, თუმცა მე მქონდა მათთან ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმებული. ლიცენზიის მეპატრონე ვარ, არ ვარღვევ არც ერთ პირობას და ახლა მთხოვეს სიხშირის გათიშვა მხოლოდ იმიტომ, რომ “მე–9 არხი” ვრცელდება”, – აცხადებს ზილფიმიანი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე ძირითადი აქცენტი მაუწყებლობის ტრანზიტის დარღვევაზე გააკეთა:
“დარღვევა დაფიქსირდა იმ მხრივ, რომ მოხდა სხივის ისე გავლა, რომ კონკრეტულ ადგილებში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებსაც თანამედროვე ტელევიზორები ჰქონდათ, დაიჭირეს “მე–9 არხი”, რაც არ უნდა მომხდარიყო. თუმცა დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ ეს უნებურად მოხდა და ტექნიკური პრობლემა იყო. ამის გამო ზილფიმიანმა შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა, რომ ექსპერტებს დაედგინათ, ეს ფაქტი უნებურად მოხდა თუ არა, თუმცა კომისიამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სწორედ აქ არის ყველაზე მთავარი კითხვის ნიშანი. კომისიის წარმომადგენლების ცალმხრივი განმარტებები, მე ვფიქრობ, რომ არ არის სარწმუნო წყარო მაშინ, როდესაც მეორე მხარე სადავოდ ხდის კომისიის შემოწმების აქტს”, – აცხადებს ნათია კაპანაძე. მისი თქმით, გარდა ამისა, კომისიის მხრიდან ზილფიმიანის მიმართ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა – “დარღვეულია ფორმალური ნიშნები, კომისიის ვებ–გვერდზე სამი დღით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო განცხადება სხდომის ოქმის ჩანიშვნის თაობაზე, პირს არ მიეცა გონივრული ვადა, რომ მომზადებულიყო სხდომისათვის და მესამე, ზილფიმიანმა უშუალოდ სხდომაზე მიიღო სამართალდარღვევის ოქმი”
ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ დავით ზილფიმიანს ყოველივე ზემოაღნიშნულის გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლია.
დავით ზილფიმიანის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს სამივე ინსტანციაში და თუ საჭირო გახდება, ევროსასამართლოშიც.





