ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარი ისესხა

28 სექტემბერი, 2016 •
“ქართულმა ოცნებამ” ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარი ისესხა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” “ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღო.

“ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან  სესხი 2016 წლის 14 სექტემბერს აიღო, სესხის უზრუნველყოფად კი საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილია მითითებული. ამ მუხლის თანახმად,   საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

რისთვის აიღო სესხი “ქართულმა ოცნებამ” “ქართუ ბანისგან”? – ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს გია ვოლსკის და პარლამენტის ვიცესპიკერ მანანა კობახიძეს, რომლებმაც გვიპასუხეს, რომ არ ფლობენ ამ ინფორმაციას. ხოლო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე “ქართული ოცნების” საარჩევნო ფონდმა [სესხის გარდა]  5 მილიონ 47 ათას 57 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ხოლო ბიუჯეტიდან- 119 ათას 563 ლარი.

ამავე პერიოდში “ქართულ ოცნებას” 5 მილიონ 215 ათას 931 ლარის ხარჯი აქვს. აქედან 3 მილიონ 69 ათას 134 ლარი რეკლამის ხარჯია, ხოლო 48 ათას 625 ლარი- სახელფასო ხარჯი.

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი