ახალი ამბები

“ინვალიდთა ასოციაცია” პოლიციის მოლოდინშია

6 ივნისი, 2012 •
“ინვალიდთა ასოციაცია” პოლიციის მოლოდინშია

29 თებერვალს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის 49 ნომერში შენობა ჩამოინგრა. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ყოფილ შენობაში “ინვალიდთა ასოციაცია” საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე იყო განთავსებული. 

 

შენობას, რომელიც 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვირს შემდეგ დაზიანდა, გამაგრებითი სამუშაოები ჩატარებული ჰქონდა, თუმცა, როგორც მცხოვრებლები ამბობენ, შენობის ერთ-ერთ სართულზე განთავსებულმა სამედიცინო სასწავლებელმა რემონტის დროს ოფისებს საყრდენი კედლები მოუნგრია, რამაც, მათი განმარტებით, მთლიანი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.

 

“ჩემი თვალით ვნახე, როგორ ინგრეოდა შენობა, უცბად მოხდა ყველაფერი, საბედნიეროდ ყველა გადარჩა,”- ამბობს თარჯიმანთა ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც იმავე შენობაში განთავსებულ ოფისში მუშაობდა. 

 

შენობის ჩამონგრევის კადრები ინტერნეტის ქსელშიც გავრცელდა. 

 

 


“ინვალიდთა ასოციაციას” შენობის მე-5 სართული და 750 კვ.მეტრი ფართობი 23 წლის განვმავლობაში, 1989 წლის შემდეგ ეკავა. 

 

ასოციაციაში, სადაც, მისი ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 16 ათასი მოქალაქე იყო გაწევრიანებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სხვადასხვა წრით, დღის ცენტრით, სასწავლო კურსებით და იურდიული კონსულტაციებით უზრუნველყოფდა. 

 

“29 თებერვლის შემდეგ ვერსად მოვიკიდეთ ფეხი, შენობის ქირაობის ფული კი არ გვაქვს,” – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა სიხარულიძე. 

 

დახმარებისთვის ასოციაციის ხელმძღვანელმა 29 თებერვლის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურას მიმართა, თუმცა, როგორც ის განმარტავს, პასუხი ჯერ არავის გაუცია. 

 

უკვე რამდენიმე დღეა, “ინვალიდთა ასოციაციამ” ფილოსოფიის ყოფილი ინსტიტუტის შენობის მეორე სართული თვითნებურად დაიკავა. 

 

“სხვა გზა არ გვქონდა, შენობაში უკანონოდ შემოჭრის გარდა. მაგრამ დღე-დღეზე პოლიცია მოვა ალბათ და გვეტყვის, აქედან გაბრძანდითო,”- ამბობს ზაზა სიხარულიძე.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი