დღეს, 27 სექტემბერს, თბილისში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ნაციონალისტური ჯგუფების მსვლელობა გაიმართა, საღამოს 9-ის ნახევრისთვის კი პოლიციამ მსვლელობის 11 მონაწილე დააკავა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
მსვლელობის მონაწილეები – ნაციონალისტური ჯგუფების, “ქართული ძალის”, “ბერგმანის”, “დინამო ულტრასის”, “ედელვაისისა” და სხვათა წევრები (150-მდე 17-დან 30 წლამდე ადამიანი)- 5 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ, 6 საათის შემდეგ ადგილზე შეძახილები დაიწყეს, 7-ის ნახევრისთვის კი გმირთა მოედნისკენ გაემართნენ. გმირთა მოედნიდან აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლეს. ისმოდა მათი შეძახილები: “ქართველები საქართველოსთვის”, ასევე აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. აღმაშენებლის გამზირზევე ქუჩაში არსებული თურქულენოვანი ბანერები ჩამოყარეს და ზედ გადაუარეს, თუმცა პატრულის თანამშრომლები ამ დროს გზის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებოდნენ და ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ.
მას შემდეგ, რაც მსვლელობის მონაწილეები მარჯანიშვილის მეტროს მოპირდაპირე მხარეს შეჩერდნენ, რათა მსვლელობის სხვა მონაწილეებს დალოდებოდნენ, პოლიციის თანამშრომლებმა მათ დამშვიდებისაკენ მოუწოდეს და უთხრეს, ნებართვის გარეშე წინ არ წასულიყვნენ. ამის შემდეგ კი პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირების შედეგად დემონსტრაციის 11 მონაწილე დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ “განსაკუთრებული აგრესიით”, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.
მსვლელობის სხვა მონაწილეები დაკავებიდან მალევე დაიშალნენ. პოლიცია მსვლელობის დაწყებიდან დასრულებამდე იმყოფებოდა დემონსტრატებთან და მათ გზაზე გადაადგილებაში ეხმარებოდა, თუმცა, შსს-ის განცხადებით, მსვლელობა არასანქცირებული იყო.
მემარჯვენე-ნაციონალისტური ჯგუფების წევრები და მხარდამჭერები დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღიდან 23 წლის შემდეგ, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში შეიკრიბნენ, მათი თქმით, საქართველოს ერთიანობისათვის დაცემული გმირებისათვის პატივის მისაგებად.
“ქართული ძალის” ღონისძიებაზე “ნეტგაზეთიც” იმყოფებოდა. მსვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი, ამ ღონისძიების შესახებ ფეისბუკზეც იყო შესაძლებელი ინფორმაციის მოძიება. საერთო ჯამში, ღონისძიებაზე, ყველაზე მეტი, 150 ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. “ქართული ძალის” მსვლელობაზე მისულებისათვის ე.წ დრესკოდიც იყო შერჩეული: მონაწილეებს აუცილებლად უნდა სცმოდათ შავი ტანისამოსი ან ე.წ “სამხედრო ფერები”. საქართველოს ხუთჯვრიან დროშებთან ერთად თან ჰქონდათ საქართველოს ძველი, სამფეროვანი დროშები.
საღამოს 5 საათისთვის, როდესაც მსვლელობის დასაწყისი იყო ჩანიშნული, შეკრებილებმა ნიღბები გაიკეთეს და შეძახილები დაიწყეს. ისინი 6 საათამდე ელოდებოდნენ სხვა მონაწილეების შეკრებას. 7-ის ნახევრისთვის გმირთა მოედნისკენ გაემართნენ, სადაც აფხაზეთში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
როგორც “ნეტგაზეთს” აქციის მონაწილეებმა უთხრეს, დღეს მსვლელობაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფი: “ქართული ძალა”, “ბერგმანი”, “ედელვაისი”, “დინამო ულტრასი”, “სკინები” და სხვები. მათი თქმით, დღეს საქართველოში დაახლოებით 8-9 ნაციონალისტური ჯგუფი არსებობს.
“ქართულმა ძალამ” მსვლელობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისსაც, გამართა. მათ ამ დღეს ჯგუფი “ულტრასიც” შეუერთდა, რომელიც პერიოდულად ჩნდება თბილისის ქუჩებში საფეხბურთო კლუბის, “თბილისის დინამოს” მხარდასაჭერად.