ახალი ამბები

პროკურატურამ ”ქართული ოცნების” ქმედების გამოძიება დაიწყო

6 ივნისი, 2012 • • 1228
პროკურატურამ ”ქართული ოცნების” ქმედების გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს, 6 ივნისს, განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ”ქართული ოცნების” მიერ ქუთაისში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

”2012 წლის 5 ივნისს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების  შესახებ.

 

ვინაიდან აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა.

 

საქართველოს კანონმდებლობით, გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურის აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ფაქტის გამოძიება კონტროლის პალატამ მოსთხოვა პროკურატურას. ორივე უწყების განცხადება კი გუშინ, 5 მაისს, ”რუსთავი 2-ის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხება.

 

სიუჟეტში აღწერილია ”ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ ქუთაისში სპეციალური ბლანკების დარიგება, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ოცნების ჩაწერა შეუძლიათ.

 

”ქართული ოცნების” აქტივისტები ტელეკომპანიასთან საუბარში ამბობენ, რომ მოქალაქეებს ოცნებად საოჯახო ტექნიკის ჩაწერაც შეუძლიათ, რომელიც, შეიძლება, არჩევნებამდეც აუსრულდეთ.

 

კონტროლის პალატის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა პარტია ”ქართული ოცნების” ლიდერი მანანა კობახიძე. მან თქვა, რომ ეს უბრალოდ ამომრჩეველთა გამოკითხვა იყო და პოლიტიკურ პარტიას აინტერესებდა, რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას, ეს აქტივობა კი ინფორმაციის მიღებას ისახვადა მიზნად. 

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი