ახალი ამბები

უსუფაშვილი: ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მიაღწია

27 სექტემბერი, 2016 • 1732
უსუფაშვილი: ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მიაღწია

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა, სადაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო კანდიდატურაზე ისაუბრა. უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილი არაფერ შუაშია და ივანიშვილს გამოსვლაში სხვა მესიჯები დაინახა:

“მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილია რაიმე შუაში აქ. მე მგონია, რომ ამ კითხვა- პასუხის დანიშნულება სხვა რამე იყო.  ჩვენ ბატონმა ბიძინამ  შეგვახსენა, რომ, ერთი მხრივ, ორ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია, და, მეორე მხრივ, მან მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში 60 წლამდე ასაკის ადამიანს პრეზიდენტობის კანდიდატად არც კი განიხილავენ. მე მგონი, ეს ფაქტები შეგვახსენა მან. დანარჩენი დასკვნები თავად უნდა გავაკეთოთ, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრეზიდენტობას მიესალმება, თუმცა ორი წელიწადი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებამდეა დარჩენილი, დიდი დროა.

“ბევრი დროა ჯერ კიდევ და დაველოდოთ მოვლენებს. შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა”, – განაცხადა ივანიშვილმა 26 სექტემბერს, ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ივანიშვილმა ღარიბაშვილის პრეზიდენტობის შესახებ “ინფო რუსთავის” ჟურნალისტის, გიორგი ჩომახიშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორია მისი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაძლოა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაზედაც ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: “რატომაც არა”?!

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც 2013 წელს ჩაანაცვლა 2012 წელს არჩეული პრემიერი ივანიშვილი, 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა თანამდებობა. მისი ერთ-ერთი შვილი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ნათლულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი