საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს: ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოიცა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-ბრძანება, რომლის თანახმად 2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაიშვა იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვევ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ, ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის 300-მდე კურსდამთავრებულმა. ზემოაღნიშნული ბრძანების მიღების მთავარი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთან, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის #453 ”უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხელშეწყობის შესახებ” ბრძანება, როგორც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, კანონმდებლობის შესაბამისად, არ საჭიროებს რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ბრძანების გაცნობა უზრუნველყოფილი იქნა დაინტერესებული პირებისთვის და 2011 წლის ზაფხულში იყო გამოქვეყნებული სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე,” – ავრცელებს განცადებას სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილმა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ტელეკომპანია მაესტროსთან საუბარში 29 მაისს, თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შარშან, 2011 წელს, 600 ყალბი ატესტატის გასცემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ეთერში მან გაიხსენა, რომ შარშან, 2011 წლის აგვისტოში, გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის გამყოფილებაში რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა და პრეტენზია განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება არ მიეცათ.
მიმინოშვილის განმარტებით, ცენტრმა გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ისინი საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილები იყვნენ, თუმცა ატესტატი მაინც მიღებული ჰქონდათ.
„გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სატესტატო გამოცდებში ატესტატი 600 ჩაჭრილს ჰქონდა მიღებული. სახტად დავრჩი. იმ საღამოსვე მივედი დიმიტრი შაშკინთან. მან მიპასუხა, რომ ასე იყო საჭირო პოლიტიკურად და დამაბარა, თანამშრომლებთან მეთქვა, თითქოს ეს ატესტატები ყალბი იყო. ჩვენგან ეს ამბავი მაშინ არ გახმაურებულა, პირში წყალი ჩავიგუბეთ, თავი შევიკავეთ, რადგან არაფერი ეშველებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ გავაგრძელებდით ჩვენს საქმეს,“- განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
მიმინოშვილი იხსენებს, რომ მომხდარიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მას დიმიტრი შაშკინმა დაურეკა და უთხრა, „სულ დამავიწყდა, მათ სხვა სერიის ატესტატები გადავეცითო.“
მიმინოშვილმა აღნიშნულს ნონსენსი უწოდა და განმარტა, რას გულისხმობდა მინისტრის ბრძანებით გაცემული სხვა სერიის ატესტატი.
„ამ ტიპის ატესტატით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძლების უფლება არ გაქვს და მისი გამოყენება საზღვარგარეთ შეიძლება. ეს საერთოდ საერთაშორისო სკანდალია, ვინაიდან ეს ატესტატი არის საერთაშორისოდ აღიარებული ბეჭდით, აპოსტილით დამოწმებული და მას სხვა ქვეყანა აღიარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ ვაღიარებ ამ ატესტატს, მაგრამ საფრანგეთში, მაგალითად, სორბონას უნივერსიტეტი აღიარებს. შემდეგ ითქვა, რომ ეს ატესტატი იმათთვისაა, ვინც, მაგალითად, წავა სომხეთში, ან აზერბაიჯანში და იქ გააგრძელებს სწავლას. სომხეთი და აზერბაიჯანი შეიძლება მოატყუო და საფრანგეთი არა?“- განაცხადა მიმინოშვილმა.