ლევან კიკვიძემ გათავისუფლების თხოვნით სკოლის დირექციას 1 ივნისს მიმართა, მაგრამ დირექტორს მისი განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებია. მიუხედავად ამისა, ლევან კიკვიძე სკოლაში პროტესტის ნიშნად არ დადის და აცხადებს, რომ განცხადების დაწერა დირექტორის, დავით ლაგვილავას ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა. პედაგოგის სამართლებრივ ინტერესებს ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” იცავენ. ორგანიზაცია ლევან კიკვიძის გათავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებაში პირდაპირ ჩარევად და დისკრიმინაციად აფასებს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ლევან კიკვიძის საჯარო სკოლიდან იძულებით წამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავს და დაუყოვნებლივ მოითხოვს სკოლის დირექტორის ქმედებების მართლზომიერებისა და კანონიერების შესწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პოტრჟებსკაიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ლევან კიკვიძის ოფიციალური განცხადება სამინისტროში ჯერ არ შესულა.
”ის თუ მიიჩნევს, რომ დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართლებრივ გადაცდომას, კიკვიძეს შეუძლია გენერალურ ინსპექციას მიმართოს და ამის შემდეგ უწყება შეისწავლის მომხდარს, მაგრამ ჯერ არანაირი განცხადება არ შემოსულა” – ამბობს ნინო პოტრჟებსკაია, თუმცა, მისივე თქმით, თითოეული სკოლა დამოუკიდებელი სუბიექტია და თავად წყვეტს, კონკრეტულ პედაგოგთან გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას.
ლევან კიკვიძე იხსენებს, რომ მან 2012 წლის 27 მაისს მონაწილეობა მიიღო პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დაგეგმილ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაში. მან სოციალური ქსელის მეგობრებს მოუწოდა, თავადაც დასწრებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებას. ლევან კიკვიძემ ღონისძიების შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელა ხალხმრავალი შეხვედრის ფოტოები და საკუთარი ფოტოც, სადაც პოლიტიკური კოალიციის მაისურით იყო აღბეჭდილი.
”28 მაისს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოვეხმაურე საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილის განთავისუფლების ფაქტს და აღვნიშნე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მორიგი უზნეო საქციელი იყო. სოლიდარობის ნიშნად კი საკუთარ გვერდზე მაია მიმინოშვილის ფოტოც ავტვირთე,” – აცხადებს ლევან კიკვიძე.
პედაგოგი იხსენებს, რომ 29 მაისს სკოლაში გაკვეთილის მსვლელობისას შეატყობინეს, რომ სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა იბარებდა. კიკვიძის მტკიცებით, დირექტორმა მას 27 მაისის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაში მისვლისკენ მოწოდების, პირადი მონაწილეობისა და მაია მიმინოშვილის მხარდაჭერის გამო განმარტებები მოსთხოვა და ურჩია, რომ დაეწერა განცხადება და სკოლიდან წასულიყო.
ლევან კიკვიძის თქმით, დირექტორს გახსნილი ჰქონდა მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები და შეტყობინებები და მას ასე ესაუბრებოდა.
”დავით ლაგვილაავმ მითხრა, რომ დავლოდებოდი ხელისუფლების შეცვლას და ახალი ხელისუფლების შემდეგ დამეწყო მუშაობა. მე მას არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ 27 მაისს ვმოქმედებდი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ხოლო სკოლიდან წასვლის განცხადების დაწერას არ ვაპირებდი,” – ამბობს ლევან კიკვიძე.
მისივე ცნობით, 30 მაისს მასსა და სკოლის დირექტორს შორის მორიგი შეხვედრა შედგა. პედაგოგმა დირექტორს აცნობა, რომ თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად და აღარ ჰქონდა მშვიდი პედაგოგიური გარემო, გრძნობდა დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციას და სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილებას ღებულობდა. როგორც პედაგოგი ამტკიცებს, დირექტორმა საუბარში აღნიშნა, რომ კიკვიძის სკოლიდან წასვლას იურიდიულად იმით ახსნიდა, რომ თითქოსდა შრომითი ხელშეკრულება ამოიწურა, ხოლო პედაგოგიურ საქმიანობას სკოლა იმ მოტივით აღარ გააგრძელებდა, რომ მას ჩაბარებული არ ჰქონდა პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა.
ლევან კიკვიძე ამბობს, რომ მას სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 15 სექტემბერამდე ჰქონდა დადებული, ხოლო კანონი 2014 წლამდე სავალდებულოდ არ ხდის სკოლაში სერთიფიცირებული პედაგოგების საქმიანობას. ლევან კიკვიძემ საბოლოოდ 1 ივნისს გადაწყვიტა №51 სკოლიდან წასვლა.
ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატების” შეფასებით, არსებობს საკმარისი გარემოებები, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულების გამო განხორციელდა. სკოლის დირექტორის ქმედებები ორგანიზაციის იურისტებს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
”მეტიც, დირექტორის დამოკიდებულება დისკრედიტაციას უკეთებს ლევან კიკვიძის პედაგოგიურ მომავალს, რადგანაც ნადგურდება მასწავლებლის ყველაზე დიდი სამართლებრივი სიკეთე – უკვე შესაძლებელია, არც ერთმა სკოლამ აღარ მოისურვოს ლევან კიკვიძესთან ახალი შრომითი ურთიერთობის დაწყება. ჩვენივე შეფასებითვე, სკოლის დირექტორმა თავად დაარღვია პედაგოგთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მე–3 პუნქტი, როცა დამსაქმებელი ვალდებულებას იღებდა, განეხორციელებინა პედაგოგის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაეშვა დასაქმებულის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით,” – აცხადებენ ”ახალგაზრდა ადვოკატები”.
”ნეგაზეთი” შეეცადა №51 სკოლის დირექტორთან, დავით ლაგვილავასთან დაკავშირებას, თუმცა სკოლაში განგვიცხადეს, რომ დირექტორი სამსახურში არ იმყოფება და დღეს მასთან გასაუბრებას ვერ შევძლებდით. სკოლის დირექტორის ერთ-ერთმა მოადგილემ, მანანა თურქაძემ კი ”ნეტგაზეთთან” ლევან კიკნაძის ბრალდებებზე საუბარი მოუცლელობის მოტივით არ ისურვა.