ბათუმის საზღვაო ნავსადგურს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი 12 საათისთვის ეწვია. ვიზიტის მიზანი საქართველოს სანაპირო ზოლისთვის P109 გემის გადაცემის ცერემონია იყო. სახელმწიფო მინისტრს თან საქართველოს პრემიერ- მინისტრი ნიკა გილაური და სხვა მაღალჩინოსნები ახლდნენ. ქართულ-ამერიკული პროექტის ფაგრლებში, ამერიკელების დახმარებით ქართულ საპატრულო კატარღებს ჩაუტარდათ სრული მოდერნიზაცია, დაამონტაჟეს თანამედროვე კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო სისტემები.
„ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ყველას. შს სამინისტროს და განსაკუთრებით გენერალ-მაიორ ზაზა გოგავას და ყველა მათგანს, ვინც მუშაობდა ამ პროექტში. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში დაბრუნება და ამ ლამაზი ქალაქის მონახულება. პორტი ყოველთვის აკავშირებდა თქვენს ერს სხვადასხვა ქვეყნებთან და დღევანდელი დღე მეტყველებს ჩვენს, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობაზე. ქართველები და ამერიკელები ერთად მუშაობდნენ ამ გემების მოდერნიზაციისთვის და მე სიამაყით ვამბობ, რომ 2009 წლიდან აშშ დაეხმარა საქართველოს 10 მილიონი დოლარით, რათა საქართველოს სანაპირო დაცვა უფრო მდგრადი და დამოუკიდებელი გამხდარიყო და მას საშუალება ჰქონოდა მისი ტერიტორიული წყლების უსაფრთხოებისა და პატრულირებისთვის.
ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ დაიცვას მისი სუვერენიტეტი. ძლიერი სანაპირო დაცვა წვლილს შეიტანს შავ ზღვაში სასაზღვრო უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
ამასთან, ხელს შეგვიწყობს არალეგალური ნარკოტიკების, ტრეფიკინგისა და პოტენციური მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მან მადლობა გადაუხადა ბათუმელებს სტუმართმოყვარეობისთვის და აღნიშნა: „ჩვენ ეჭვქვეშ არ დავაყენებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.“
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე დიდი პროექტი განხორციელდა. მათ შორის „საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების“ და „ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების“ პროგრამები. ამ პროექტის ფარგლებში საპატრულო კატარღები უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა. „ეს არის საქართველოს ტრანსფორმაციის სიმბოლოც“ -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
შს მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ კი მოდერნიზებული გემები აშშ–ის უმნიშვნელოვანეს გზავნილად შეაფასა.
„ეს გემი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გაუმჯობესებული საზღვაო პატრულის შესაძლებლობები. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო მხოლოდ ახალგაზრდა დემოკრატია არ არის.“
ზღულაძის ინფორმაციით, აღდგენილი და გადაიარაღებულია რამდენიმე გემი, სრულიად გამართულია სახმელეთო სარადარო სისტემები.“





