ნეტგაზეთი | ცესკომ ნიუ-იორკის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გადაირჩია ცესკომ ნიუ-იორკის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გადაირჩია – Netgazeti

ცესკომ ნიუ-იორკის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გადაირჩია

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 21 სექტემბერს ნიუ-იორკში #8 საარჩევნო უბნის კომისიამ თავმჯდომარე გადაირჩია, რისი მიზეზიც, მისი თქმით, პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ქმედებებია.

საარჩევნო უბნის კომისიამ, რომელშიც  ექვსი – კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელია, ხოლო ექვსი – ცესკოს წარმომადგენელი, ნინო ბორჩხაძე თავმჯდომარედ 21 სექტემბერს აირჩია. დღეს, 26 სექტემბერს კი ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ კომისიამ ის უკვე გადაირჩია:

“კანონმდებლობის თანახმად, კომისიას გააჩნია სრული უფლებამოსილება, რომ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით თავმჯდომარე გადაირჩიონ. საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებაში მითითებულია, რომ ამ უბნის თავმჯდომარემ, ნინო ბორჩხაძემ  დაარღვია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის ეთიკის კოდექსის მეხუთე მუხლი. ეს მუხლი ითვალისწინებს კონკრეტული პარტიის ან სუბიექტის მხარდამჭერ, ან საწინააღმდეგო ქმედებებს,” -ამბობს ანა მიქელაძე და აღნიშნავს, რომ ნინო ბორჩხაძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო დანიშნული კომისიაში.

მიქელაძის თქმით, კომისიაში დანიშვნის შემდეგ კომისიის წევრი პარტიის ინტერესებს აღარ უნდა გამოხატავდეს.

ნინო ბორჩხაძის განცხადებით, კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭრი განცხადებები აღარ გაუკეთებია. ამის შესახებ  24 სექტემბერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

ნინო ბორჩხაძის დანიშვნამ უმაყოფილება  გამოწივია ამერიკაში მცხოვრები ქართველების ნაწილში. ფეისბუკზე მოხმარებლები ნინო ბორჩხაძის სტატუსებსა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებდნენ და მის გადარჩევას მოითხოვდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.